მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ODIHR საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს მშვიდობიან შეკრებას და ადამიანის უფლებებს

ეუთო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს მშვიდობიან შეკრებას და ადამიანის უფლებებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეშფოთებულები არიან ძალადობრივი პროტესტით, რაც ახლახან ჩატარებულ არჩევნებს მოჰყვა. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას.

"საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს კვლავ აკავებენ, ასამართლებენ და აჯარიმებენ საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, შეასრულოს ეუთოს წინაშე ნაკისრი ადამიანის უფლებათა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები მათ შორის, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები არ გახდნენ სამიზნე და მათი ხმა ისმოდეს, რადგან მათი საქმიანობა გადამწყვეტია ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“,- განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია თელალიანმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დროს მიღებულმა კანონებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობა შეზღუდა. ODIHR-ის იმეორებს საკუთარ მოწოდებას, რომ "უცხოური აგენტების" კანონი უნდა გაუქმდეს.

„საქართველომ იკისრა ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას შეკრების თავისუფლების უფლება თავისი საერთაშორისო და ეუთოს წინაშე ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო პერიოდში მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაკისრებასთან ერთად, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც წესი, სამართალდაცავებმა თავი უნდა აარიდონ ძალის გამოყენებას საჯარო შეკრებების დროს და ხელი შეუწყონ მათ დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ძალა გამოიყენება, ის ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისი, აუცილებელი და ვითარების პროპორციული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ODIHR წუხს, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად არ მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად. ორგანიზაციის შეფასებით, ამით საქართველოს მოქალაქეებს წაერთვათ შესაძლებლობა მიუკერძოებელი და გამჭვირვალე შეფასება ჰქონოდათ არჩევნებთან დაკავშირებით.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან და დაეხმაროს ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები