მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოენო“ - ღვინის საგანმანათლებლო ჰაბი პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის

ოენო

საგანმანათლებლო ჰაბი „ოენო“ ღვინის სფეროში როგორც პროფესიონალებისთვის, ისე დამწყებთათვის სხვადასხვა მიმართულების სასწავლო კურსებსა და კონსულტაციებს სთავაზობს. პლატფორმის დამფუძნებლები BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებენ, რომ ჰაბის მიზანია მცირე და საშუალო მარნებისთვის თანამედროვე ცოდნის მიწოდება და ქართული ღვინის ტრადიციებისა და თანამედროვე მიდგომების გაერთიანება.

პლატფორმის თანადამფუძნებლის, თინათინ ჯაჯანიძის განცხადებით, ჰაბის შექმნის იდეა ღვინის სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ და ბაზარზე არსებულმა საჭიროებებმა განაპირობა.

„მინიმუმ 23-24 წელია, რაც ღვინის სფეროში ვსაქმიანობთ. ამ პერიოდში კარგად დავინახეთ დარგის განვითარების დინამიკა, არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც სექტორი დგას. სწორედ ამ გამოცდილებამ დაგვანახვა საჭიროება, გარკვეული მიზნობრივი ჯგუფებისთვის შეგვექმნა საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც პრაქტიკულ ცოდნაზე, კონკრეტულ მიზნებსა და შედეგზე იქნება ორიენტირებული“, - აცხადებს თინათინ ჯაჯანიძე.

ჰაბის თანადამფუძნებლის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორისა და ენოლოგის, მარიამ ხომასურიძის თქმით, „ოენო“ განსაკუთრებით მცირე და საშუალო წარმადობის მარნების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

„სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით ეს საგანმანათლებლო ჰაბი, რომ მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო წარმადობის ღვინის მარნებს. მთავარი რა არის? სწორედ მოვახდინოთ ტრადიციებისა და თანამედროვეობის კომბინირება. საგანმანათლებლო ჰაბი „ოენოს“ მიზანი სწორედ ის არის, რომ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიტანოთ თანამედროვე მეთოდები, მიდგომები, ტენდენციები, რათა ჩვენი ქართული ღვინო იყოს და დარჩეს ავთენტური, თუმცა დამზადდეს უზადო, უნაკლო, მაღალი ხარისხის“, - ამბობს მარიამ ხომასურიძე.

მისივე თქმით, მცირე მარნების წარმომადგენლებს ხშირად სჭირდებათ სწრაფი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, რომლის მიღებაც მრავალწლიანი აკადემიური განათლების გარეშეა შესაძლებელი.

როგორც ისინი ინტერვიუში ამბობენ, ამ ეტაპზე „ოენო“ სექტემბრის ბოლოს დეგუსტაციის შემსწავლელ და მეღვინეების გადამზადების კურსებს იწყებს. დეგუსტაციის კურსი ორთვიანია და გამოცდილებას არ მოითხოვს. პროგრამა ღვინის კლასიფიკაციის, ფერისა და გემოს, დეგუსტაციის ტექნიკისა და ღვინის ტიპური და ჯიშური მახასიათებლების გაცნობას მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება ღვინის დეფექტების ამოცნობასაც ეთმობა : „ვიწყებთ პრაქტიკულად ნულიდან, ღვინის კლასიფიკაციის გაცნობით, ფერი, გემო და ასე შემდეგ. დეგუსტაციის ხელოვნებას ვასწავლით, როგორ დააგემოვნოს სწორად ადამიანმა ღვინო, რას მიაქციოს ყურადღება, როგორ ამოიცნოს ტიპიურია თუ არა ეს ღვინო, ჯიშური თვისებები როგორ ამოიცნოს“, - ამბობს თინათინ ჯაჯანიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჰაბის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაგეგმილია სასწავლო მიმართულებების გაფართოებაც და მსმენელებისთვის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შეთავაზება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები