ოჯახების 77%-ს არ აქვს დანაზოგი, რომელიც შემოსავლის არ ქონის შემთხვევაში 1 თვე მაინც ეყოფათ. ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევაშია აღნიშნული.
"ბიზნეს ომნიბუსი" ეროვნული მასშტაბის, მოსახლეობის კვარტალური სატელეფონო (CATI) გამოკითხვაა. ის 1000 რესპონდენტს მოიცავს.
კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი, ეკონომიკური პულსი აჩვენებს, რომ ოჯახების 23% აკეთებს დანაზოგს, რომელიც საკმარისია მათი მინიმუმ ერთი თვის ხარჯების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ოჯახების 27%-ს თქმით, შეუძლია ყოველთვიური შემოსავლის ნახევარზე მეტი სხვადასხვა შესყიდვებზე დახარჯოს. აუცილებელ ხარჯებზე (საკვები, ქირა, სესხი, კომუნალური გადასახადები) კი მიდის ოჯახების ყოველთვიური შემოსავლის 73%. ფინანსური მოქნილობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ავლენენ: ახალგაზრდები (18-34), დასაქმებულები და 2000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონეები.
მოსახლეობაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოლოდინი არაერთგვაროვანია, ამასთანავე, მაღალია გაურკვევლობის დონე. მომავალი 1 წლის განმავლობაში, მოსახლეობის 23% ქვეყნის ეკონომიკურ გაუმჯობესებას ელოდება, ამავე წილს მომავლის პროგნოზირება უჭირს. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმისტური განწყობა უცვლელი რჩება, კლებულობს უარყოფითი მოლოდინი, თუმცა, გაურკვევლობის მაჩვენებელი მცირედით იზრდება.

მომხმარებლის პრეფერენციების კომპონენტი აჩვენებს, რომ ორი თანაბარი ფასის მქონე პროდუქტის არჩევისას, მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა უპირატესობას ქართულ პროდუქტს ანიჭებს. თუკი უცხოური პროდუქტის ფასი ქართული პროდუქტის ფასზე დაბალია, უცხოური პროდუქტის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი თითქმის 2.5-ჯერ იზრდება.

























