მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოჯახის წევრების საჩუქრების დაჯამება და რიცხვებად წარმოდგენა მანიპულაციაა - შალვა პაპუაშვილი TI-ს კვლევაზე

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევას, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში თანამდებობის პირებმა 24 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს.

პაპუაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას მანიპულაცია, ფარსი და „საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღი“ უწოდა. მისი თქმით, ორგანიზაცია ციფრებით მანიპულირებას სპეციალურად ახდენს.

„ათობით ათასი საჯარო მოხელეა. ამისგან რაღაც დაჯამების გამოყვანა, რომ მეუღლემ მეუღლეს რაღაც აჩუქა, შვილმა მშობელს რაღაცა აჩუქა ან მშობელმა შვილს, ამის შეჯამება და რაღაც რიცხვებად წარმოდგენა, არის მანიპულაცია და ფარსი, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ 'საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო' არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლევაში საუბარია ოფიციალურად დეკლარირებულ ქონებასა და თანხებზე. მისი არგუმენტით, კანონდარღვევის არსებობის შემთხვევაში საჯარო მოხელეები ამ მონაცემებს საჯაროს არ გახდიდნენ.

„საუბარია დეკლარირებულ საჩუქრებზე. თუკი რაიმე არის არალეგალური შემოსავალი, მაშინ მის დეკლარირებას არავინ არ მოახდენდა. რაკი დეკლარაციაშია, რანაირად იქნება ის არალეგალური შემოსავალი?! საკუთარ თავს ხომ არ ამხელდა ადამიანი?! - ასე რომ, აბსურდია!“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში:

  • 379-მა თანამდებობის პირმა ჯამში 24 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.
  • საჩუქრების უდიდესი წილი უძრავ ქონებასა და ფულად თანხებზე მოდის: 12 მილიონი ლარი უძრავი ქონების, ხოლო 11 მილიონი ლარი ფულადი საჩუქრების სახით გაიცა.
  • დეკლარაციებში ასევე ფიქსირდება საჩუქრად მიღებული ავტომობილები, იარაღი და სამკაულები.
  • მიღებული საჩუქრების უმრავლესობა — 60.78% — თანამდებობის პირებმა საკუთარი მშობლებისგან მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები