სტარტაპი „მენსა“ ოჯახურ გარემოში დაბადებული იდეიდან სწრაფად მზარდ ბრენდად იქცა, რომელიც მაგიდის ესთეტიკას ემოციურ გამოცდილებად აქცევს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა მარიამ ბოჭორიშვილმა გადაცემაში “ქალების ნარატივი” განაცხადა, იდეა თავდაპირველად მეგობრული შეკრებებისა და ოჯახური ღონისძიებების გაფორმების სურვილიდან გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით ბიზნეს მოდელად ჩამოყალიბდა.
მისი თქმით, „მენსა“ ქმნის მაგიდის ტექსტილსა და დეკორის ელემენტებს, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ემოციური მნიშვნელობის მატარებელია.
„თავიდან ძალიან ბუნებრივად გაჩნდა იდეა. ხშირად მე და სოფო (თანადამფუძნებელი) ვიყავით ის ადამიანები, ვინც მეგობრებისთვის ვახშამს ვგეგმავდით. ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევა იყო, როცა გადავწყვიტეთ ბავშვის დაბადების დღისთვის სუფრა ხელით გაგვეფორმებინა. იმდენად კარგი შედეგი მივიღეთ და ისეთი დადებითი გამოხმაურება გვქონდა, რომ მივხვდით - ეს ერთჯერადი იდეა შეიძლება სტარტაპად ქცეულიყო“, - განაცხადა მარიამ ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, „მენსას“ ძირითადი პროდუქცია მოიცავს მაგიდის ტექსტილს - სუფრებს, ხელსახოცებს, რანერებსა და ფლეისმატებს, თუმცა მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით კომპანია ინდივიდუალურ დიზაინებსაც ქმნის, მათ შორის პერსონალიზებულ ნაქარგებს.
„მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე ხშირად ვამატებთ დამატებით დეტალებსაც, მაგალითად ქორწილისთვის ან განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის შექმნილ პერსონალიზებულ ელემენტებს“, - აღნიშნა მან.
ბრენდის სახელზე საუბრისას ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ „მენსა“ ლათინურად მაგიდას ნიშნავს და იდეის არსსაც სწორედ ეს კონცეფცია გამოხატავს - სივრცეს, სადაც ადამიანები იკრიბებიან და ქმნიან განსაკუთრებულ მოგონებებს.
„გვინდოდა, რომ სახელი ყოფილიყო ჟღერადი, საერთაშორისო და პირდაპირ კავშირში ჩვენს პროდუქტთან. მენსა ლათინურად ნიშნავს მაგიდას, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჩვენი სლოგანიც - Made for moments“, - განაცხადა თანადამფუძნებელმა.
მისი თქმით, სტარტაპის ერთ-ერთი მთავარი ძალა გუნდის გამოცდილებაა მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, რაც ბრენდის იდენტობის სწორად ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
„ჩვენთვის ბრენდი მხოლოდ პროდუქტი არ არის. ეს არის ისტორია, ხასიათი და ემოცია. ამიტომ, დიდი ყურადღება მივაქციეთ იმას, როგორ მივაწოდებდით მომხმარებელს ამ ისტორიას", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
„მენსა“ ამ ეტაპზე გაყიდვებს ძირითადად სოციალური მედიისა და საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ის მეშვეობით ახორციელებს და უკვე გეგმავს ევროპულ ბაზრებზე გაფართოებას. კომპანიის მიზანია პროდუქციის საერთაშორისო კონცეპტუალურ მაღაზიებშიც მოხვედრა.
სტარტაპის თანადამფუძნებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, მომხმარებლების მხრიდან მაღალი ჩართულობა და პოზიტიური უკუკავშირი ზრდის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.




























