ქართული სუნელ-სანელებლების, ჯემებისა და კონსერვირებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებას აგრძელებს.
როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე ნეფარიძე BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” აცხადებს, 2025 წელს კომპანიამ ექსპორტის მიმართულებით ახალი ბაზარი – ინგლისი წარმატებით დაიპარტნიორა. მისი ინფორმაციით, ინგლისში კომპანიას უკვე ორი პარტნიორი ჰყავს.
„ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის. მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, კანადაში და ამერიკაში. სიახლეა ის, რომ წელს ინგლისის ბაზარზეც დავიწყეთ ოპერირება, სადაც ორი პარტნიორი გვყავს. პირველ პარტიასთან, ექსპორტის მოცულობა უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ მოთხოვნა სტაბილურად იზრდება“, – ამბობს ნეფარიძე.
მისივე თქმით, ინგლისისა და ზოგადად ევროპის ბაზარზე შესვლა ქართულ კომპანიებისთვის რთულია რეგულაციების სიმკაცრის გამო, თუმცა „ოჯახურმა“ წარმატებით დაძლია ბიუროკრატიული ბარიერები. კომპანიას პარტნიორები ჰყავს როგორც საცალო ვაჭრობის, ისე HoReCa -ს მიმართულებებში.
„საინტერესოა, რომ პარტნიორები ხშირად თავადვე გვიკავშირდებიან – განსაკუთრებით ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჩვენს პროდუქტს იცნობენ და სურთ, ქართული ტრადიციული გემო უცხოელ მომხმარებლებსაც გააცნონ“, – განმარტა ნეფარიძემ.
კომპანიის ექსპორტის მოცულობის ზრდა ყველაზე თვალსაჩინოა კანადასა და პოლონეთში, სადაც მოთხოვნა ყოველ ახალ პარტიაზე იზრდება. ნეფარიძე აღნიშნავს, რომ უცხოელი მომხმარებლების დაინტერესებაც მატულობს: „ზაფხულში შვეიცარიიდან ერთმა ტურისტმა მოგვწერა, რომ საქართველოში გასინჯული ჩვენი პროდუქტი იმდენად მოეწონა, სურდა გაერკვია, იყო თუ არა შესაძლებელი მისი შეძენა საკუთარ ქვეყანაში. სწორედ ქართული გემოს უნიკალურობა და ავთენტურობა იწვევს მათ ინტერესს“, - აღნიშნავს ის.
ამჟამად „ოჯახური“ საქართველოს მასშტაბით 3 000-მდე სავაჭრო ობიექტს ამარაგებს და გეგმავს, რომ ქსელის გაფართოებასთან ერთად ექსპორტის გეოგრაფიაც კიდევ უფრო გაზარდოს.
საქართველოსთვის სანელებლების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია (2025/9თვე):
- ჩინეთი – $10.9 მლნ (2 571 ტონა);
- რუსეთი – $4.6 მლნ (890 ტონა);
- უკრაინა – $852 ათასი (216 ტონა);
- უზბეკეთი – $261 ათასი (319 ტონა);
- ესპანეთი – $235 ათასი (20 ტონა);
- სომხეთი – $165 ათასი (81 ტონა);
- ყაზახეთი – $138 ათასი (45 ტონა);
- მოლდოვა – $78 ათასი (20 ტონა);
- თურქეთი – $66 ათასი (22 ტონა);
- ვიეტნამი – $63 ათასი (19 ტონა).




























