საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირება და აღრიცხვა მოხდება, - მთავრობის დადგენილებით, ეს წესი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ უძრავ ქონებაზე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საჯარო რეესტრს კი მონაცემებს თავის მხრივ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიაწვდის.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მონაცემთა აღრიცხვისას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების შესახებ სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღრიცხვასა და გაცემას, მონაცემთა სისტემატიზაციას, უსაფრთხო შენახვას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნასა და მის განახლებას.
სამინისტროს კომპეტენტური სამსახური ახდენს დეკლარირებული უძრავი ქონების იდენტიფიცირებას, დაინტერესებული პირის მიერ შევსებული დეკლარაციისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, უძრავი ქონების წინასწარ საკადასტრო მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნასა და განახლებას, შევსებული დეკლარაციების მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და ელექტრონული (სკანირებული) ვერსიის შექმნას.“, - ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.