10 თვეში დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ბიუჯეტში შემოსავლები 22.3%-ით 16.2 მლრდ რუბლამდე გაიზარდა. აქედან თითქმის მესამედი რუსულ ფინანსურ დახმარებაზე მოდის, რომელიც წელს ასევე გაზრდილია. ამის შესახებ აფხაზური მედია Apsnypress-ი დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის ფინანსური დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში 5 მილიარდ 647 მილიონ რუბლი იყო, რაც წლიურად 52.1% ანუ 1 მილიარდ 933 მილიონი რუბლით გაზრდილი მაჩვენებელია.
2024 წლის 10 თვეში რუსული დახმარების სახით დე ფაქტო მთავრობამ 3 მილიარდ 713 მილიონი რუბლი მიიღო.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ოკუპირებული რეგიონის ბიუჯეტის შემოსავლები წელს 16 მილიარდ 235 მილიონი რუბლი იყო, რაც გასული წლის 10 თვესთან შედარებით 22.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან დე ფაქტო „რესპუბლიკის“ შიდა საგადასახადო შემოსავლები 10.7%-ით 10.5 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა.





























