ოკუპირებული ტერიტორიები ელექტროენერგიაზე გადასახადისგან თავისუფლდებიან - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განმარტა, არსებულ კანონს ემატება ახალი მუხლი - „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურებისგან გათავისუფლება“. მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.
მომხსენებლის თქმით, რამდენიმე დღის წინ ენგურჰესზე კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა, სადაც ენგურჰესის ხელმძღვანელობამ აღნიშნული კანონის მიღების საჭიროების თაობაზე საკითხი დააყენა.
დავით სონღულაშვილის თქმით, ეს ცვლილება ლოგიკურია, რადგან ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდება, რაც სოციალური ნაწილია.
„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი კანონით იყოს მხარდაჭერილი. კანონპროექტის ინიიცირება დაჩქარებული წესით მოხდა, რათა დავეხმაროთ ენგურჰესს, რომელიც ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 4.233 მლრდ კვტ. სთ-ია. ამავე პერიოდში აფხაზეთმა "ენგურჰესიდან" და "ვარდნილჰესის" კასკადიდან 1.925 მლრდ კვტ.სთ-ს ელექტროენერგია მოიხმარა. შესაბამისად, აფხაზეთის მოხმარებამ შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 45,5% შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეულ შეთანხმებით, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული მთლიანი ელ.ენერგიის 40% ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის.