გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ოთხშაბათს საღამოს ქვეყნის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, დაითხოვოს ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი - ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ მედიაში ვრცელდება და თავად კანცლერიც ადასტურებს.
გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ, შოლცმა პრესკონფერენცია გამართა და მედიასთან განაცხადა, რომ მიიღებს ყველა შესაბამის ზომას იმისთვის, რომ გერმანიას ფუნქციური მთავრობა ჰყავდეს.
"თავს ვალდებულად მივიჩნევ, ეს ნაბიჯი გადავდგა, რათა ქვეყნისათვის პოტენციური ზიანი აღვკვეთოთ. გერმანიას სჭირდება ფუნქციური მთავრობა, რომელიც ქვეყნისათვის ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გასულ კვირას ფინანსთა მინისტრ ლინდნერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მედიის საშუალებით გავრცელდა. დოკუმენტში განხილულია ინიციატივები, რომლებიც არბილებს კლიმატის რეგულაციებს და ამცირებს სოციალურ შემწეობას. აღნიშნული ინიციატივები სრულად ეწინააღმდეგება ოლაფ შოლცისა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის პოლიტიკას.
გავრცელებული დოკუმენტი კოალიციაში შემავალ პარტიებს - სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და თავისუფალ-დემოკრატებს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სამი პარტია მომავალი წლის ბიუჯეტზე ვერ თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ დედლაინი ახლოვდება. მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "შუქნიშნის" კოალიცია ჩამოინგრა.
ბოლო დღეების განმავლობაში შოლცი, ჰაბეკი და ლინდნერი დარჩენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, დაბრკოლებების ფონზე, პარტიებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებაა. გერმანული მედიის ცნობით, ლინდნერმა კოალიციის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების ინიციატივა დააყენა, რაზეც შოლცმა უარი განაცხადა - გერმანიის არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერსაა ჩანიშნული, ფინანსთა მინისტრი კი კენჭისყრის წლის დასაწყისში გადმოტანას ითხოვდა.
მედიის ცნობით, ლინდნერი ფიქრობს, რომ კოალიცია ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე ვერ თანხმდება, მიუხედავად იმისა რომ სტაბილურობისკენ სწრაფი მობრუნება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია.
ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ 2024 წელს მოსალოდნელ ეკონომიკის შეკუმშვაზე, რითაც შესაძლოა, მიმდინარე წელი ზედიზედ მეორედ გახდეს ეკონომიკური დაღმასვლის წელი. ამავე დროს, კოალიციაში შემავალი სამივე პარტიის რეიტინგი 2021-22 წლის მაღალი მაჩვენებლის შემდეგ, მნიშვნელოვნად ეცემა.
სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები 2021 წელს დაასრულეს და ხელისუფლებაში "შუქნიშნის კოალიციის" სახელით მოვიდნენ. სახელწოდება პარტიების ლოგოების ფერებიდან - წითელი, ყვითელი და მწვანე - გამომდინარეობს.