ბიზნესმენის განმარტებით მისი კომპანია რიგით მესამე ენერგო პროექტის , „მაგანა ჰესის“ განხორციელების საკითხზე მთავრობასთან დასკვნითი მოლაპარაკებების ეტაპზეა. როგორც ოსინოვსკი აცხადებს, აღნიშნულ პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მომზადებულია და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ძალიან მალე დაიწყება პროექტის განხორციელება.
„ზუსტად ამ დღეებში მაქვს შეხვედრა მინისტრთა კაბინეტთან და ჩამოვყალიბდებით თუ არა საბოლოო დეტალებზე, დავიწყებთ მშენებლობას. ეს შეიძლება იყოს ერთ თვეში, შეიძლება ერთ დღეშიც. ფაქტობრივად საბოლოო დეტალებს ვათანხმებთ. წინასწარ მოსამზადებელი ყველა ეტაპი გავლილი გვაქვს და საჭირო ტექნიკური დასაბუთებაც მზად არის დიდი ხანია“.
რაც შეეხება ოლეგ ოსინოვსკის სხვა ენერგო პროექტებს, როგორც თავად ამბობს, წარმატებით ფუნქციონირებს „კინტრიში ჰესი“ აჭარაში, ხოლო „კინტრიში 2“-ის პროექტი მზად არის. ბიზნესმენის განმარტებით მისი კომპანია მთავრობის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის ახალი ხელშეკრულებების გამოცემას ელოდება, რათა „კინტრიში 2“-ის განხორციელება დაიწყოს.
ოსინოვსკი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, იგი გააგრძელებს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებას და ამ უკანასკნელ სფეროში მას გრძელვადიანი და საინტერესო გეგმები აქვს.

























