ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უცხოელი ინვესტორების მიმართ გაუარესებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს და bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც მან საქართველოში ბიზნეს საქმიანობა დაიწყო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენდა, ახლა კი ჩანს, რომ ეს მათთვის მეორეხარისხოვანია. ესტონელი ინვესტორის განმარტებით, შეიძლება ხელისუფლების მხრიდან ბიუროკრატიის ზრდა და საინვესტიციო პროცესების უფრო და უფრო გართულება ქვეყნის განვითარების ახალი მეთოდია და ახლა, როდესაც თითქოს ქვეყანა მეტნაკლებად გაიმართა წელში, საკუთარ სავარძელში მოკალათებულ თანამდებობის პირებს სხვა პრიორიტეტები გაუჩნდათ, თუმცა ეს ხედვა და დამოკიდებულება ოლეგ ოსინოვსკისთვის მიუღებელია.
„ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური, მილიარდი ევროს ღირებულების პროექტის პრეზენტაცია რომ იმართებოდეს, აი მაგალითად გერმანიაში რომ იხსნებოდეს, თავად მერკელი მოვიდოდა. აბა მიმოიხედეთ, ხედავთ აქ სადმე ხელისუფლების რომელიმე წარმოამდგენელს? აი ამას ვგულისხმობ, როდესაც დამოკიდებულების ცვლილებაზე ვსაუბრობ. როგორც ჩანს დღეს ხელისუფლებას და მთავრობას სხვა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს და არა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და შენარჩუნება ქვეყანაში“ - ამბობს ოლეგ ოსინოვსკი.
ესტონელი ბიზნესმენის თქმით ბიზნესის მომგებიანობის თვალსაზრისით საქართველოში ინვესტირება ალოგიკურია. მისი განმარტებით საქართველოში ინვესტიციის ჩადებას იმაზე მეტი მოგება არ მოაქვს, ვიდრე საზღვარგარეთ რომელიმე ქვეყანაში ფულის დაბანდებას, რისკები კი აქ უფრო მეტია.
„ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ამ ქვეყანაში ეს არის ის, რომ აქ ბიზნესი შეგიძლია აკეთო იქ სადაც გინდა და ისე, როგორც გინდა. მაგალითად თუ შენ გენდომება ააშენო ისეთი ქალაქი, როგორიც „თბილისი ჰილსია“ ნიუ-იორკში, ამის შესაძლებლობა იქ ფიზიკურად არ არის, საქართველოში კი არის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აქ დღესდღეობით ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი და ბიზნესიც არც ისე მომგებიანია, ის შესაძლებლობები რაც ზემოთ ვახსენე მომწონს და მაძლებინებს საქართველოში, ბოლოს და ბოლოს ცხოვრება ხომ მხოლოდ ფული არ არის“.
ოლეგ ოსინოვსკი საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტს ახორციელებს, მათ შორის არის გოლფის მოედანი თელეთში და რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური ქვეყნის რამდენიმე კუთხეში.