ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი საქართველოს საინვესტიციო გარემოს ერთერთ მთავარ უპირატესობად საგადასახადო რეგულაციებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედება ქვეყნისთვის საინვესტიციო კუთხით ძალიან მომგებიანი იქნება.
„საკუთარი თავის ქებად თუ არ ჩამითვლით ვიტყვი, რომ ესტონური მოდელის შემოღება გარკვეულწილად ჩემი დამსახურებაც არის, რადგან მე წლები ვარწმუნებდი საქართველოს ხელისუფლებას ამ მოდელის სიკეთეებში. სხვათაშორის, წელს ეს მოდელი ლატვიამაც დანერგა საკუთარ საგადასახადო სისტემაში. ზოგადად მიმაჩნია, რომ მოგების დაბეგვრა ძალიან ამორალური საქციელია, იმიტომ რომ ამ ქმედებით შენ ავტომატურად ამცირებ საწარმოს ეფექტიანობას“ - აცხადებს ოსინოვსკი.
როგორც ოლეგ ოსინოვსკი bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველო საინტერესოა უცხოელი ინვესტორებისთვის იმიტომ, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია. აგრეთვე ესტონელი ბიზნესმენის აზრით მეტ-ნაკლებად გამართულია სასამართლო სისტემა, თუმცა ფაქტს, რომ ეს სისტემა ნელა მუშაობს მისი განმარტებით ვერსად წაუვალთ.
„ჩვენ გვაქვს დავა საქართველოს საგზაო დეპარტამენტთან და პირველი სასამართლო სხდომა საჩივრის შეტანიდან 3 წლის მერე ჩაინიშნა. ეს ნამდვილად პრომლემაა, თუმცა მიუხედვად ამისა ვთვლი, რომ დღესდღეობით ქართული სასამართლო სამართლიანია და ყოველშემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ მასზე გავლენა არცერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს“.
ოლეგ ოსინოვსკის შეფასებით საქართველოსა და ესტონეთის საინვესტიციო გარემო დღეს ძალიან ჰგავს ერთმანეთს და უფრო მეტიც, ეს ორი ქვეყანა საუკეთესოა საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. ერთადერთი რაც ბიზნესმენის აზრით ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს, ეს არის ინვესტორების მიმართ ხელისუფლების „შემობრუნება“ ანუ მათი ყოფნა-არ ყოფნითა და ზოგადად, მათი პოტენციალით დაინტერესება.

























