დღეიდან, საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ფრანგი ფინანსისტი ოლივიე რუსსო უხელმძღვანელებს.
რუსსოს განცხადებით, საინვესტიციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მომდევნო დღეების განმავლობაში კი, დაიწყება აქტიური დისკუსია იმის შესახებ თუ რა სახის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საპენსიო ფონდს.
როგორც ოლივიე რუსსომ განაცხადა, საინვესტიციო საბჭო საკუთარი პოლიტიკის შემუშავებაში რიგი საკანონმდებლო მოთხოვნებით არის შეზღუდული, თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით, საბჭო საუკეთესო საინვესტიციო მოდელს მიაღწევს.
"ჩვენ გვექნება ღრმა დისკუსიები საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ. გვესმის, რომ არსებობს ბევრი შეზღუდვა. ბორდის უცხოელი და ქართველი წევრები, ყველანი ვხედავთ ძალიან საინტერესო შესაძლებლობას იმისთვის, რათა დაფინანსდეს ქართული ეკონომიკა. ეს საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს სარგებელს. ვაცნობიერებთ, რომ ეს იქნება რთული ამოცანა. ვიმუშავებთ როგორც ერთიანი გუნდი, მე, ვიცე-თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი და ბორდის სხვა სამი წევრი, ვიქნებით ერთიანი და ეფექტური გუნდი.
მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო პოლიტიკა შეზღუდულია საკანონმდებლო ჩარჩოებით. გვსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის განვითარება. თავად საინვესტიციო პოლიტიკა ფიქსირებული შემოსავლის აქტივებზე იქნება ორიენტირებული, ეს დაბალრისკიანი აქტივებია. 80% აქტივების დაბანდდება საქართველოს ეკონომიკაში. მთლიანობაში საკმაოდ ბევრი ჩარჩო არსებობს, რომელსაც კანონმდებლობა ფონდის საინვესტიციო გუნდს უწესებს, ჩვენ გვესმის რაციონალი ამ საკანონონმდებლო შეზღუდვების მიღმა და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია საინვესტიციო პორტფელის მომზადება, რომელიც ამას დააკმაყოფილებს", - ამბობს ოლივიე რუსსო.

























