ამბროლაურის აეროდრომის შემდეგ, შესაძლებელია მცირე ზომის აეროდრომის მშენებლობა ომალოშიც დაიწყოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ომალოში იმყოფებოდნენ. მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერეს ომალოს ყოფილი აეროდრომის ტერიტორია, შეაფასეს საჰაერო მისადგომები, დაბრკოლებები, არსებული რელიეფი და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სავარაუდო განთავსების კურსები.
აეროდრომის დაპროექტებამდე მიმდინარეობს მშენებლობისათვის განკუთვნილი შემოგარენის და საჰაერო სივრცის შეფასება, მის უსაფრთხოებისა და განვითარების პოტენციალის დადგენა.
დასკვნას, თუ რამდენად არის შესაძლებელი ომალოში აეროდრომის მშენებლობა, ავიაციის სააგენტოს თანამშრომლები 2016 წლის ბოლომდე მოამზადებენ.

























