მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენის აპარატმა 9 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა - შედეგები

სამედიცინო შემოწმება

2023 წელს პირველად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი ჩაატარა და შედეგები სპეციალურ ანგარიში პარლამენტს წარუდგინა.

როგორც ანგარიშში წერია, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მოწვეულ ექსპერტ, ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გააანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, უფლებამოსილი უწყებებიდან გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, 2023 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ 9 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები.

ანგარიშის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები.

კერძოდ:

მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი.

შემოწმებული დაწესებულებებიდან - 5 დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის.

სამედიცინო დაწესებულებებში სასტერილიზაციო სივრცე უმეტესწილად არ ყოფილა სათანადოდ მოწყობილი. გამოვლინდა ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გაუმართაობა, „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ სივრცეების ზონირების პრინციპების დაცვის დარღვევები და ზონებს შორის გადაადგილებისას პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მოთხოვნების დაუცველობა.

ხუთ დაწესებულებაში გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავების პროცესის უხეში დარღვევები. გასტერილებული ინსტრუმენტების მდგომარეობა ასევე არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ეს კი, გავლენას ახდენს მრავალჯერადი გამოყენების ქირურგიული და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების/მასალების სტერილიზაციის ხარისხზე; ასევე, უგულებელყოფილი იყო სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნები.

4 დაწესებულებაში გამოვლინდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის ზედაპირების მთლიანობის და ნარჩენების მართვის პროცესის დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობაში არსებული სასწავლო მოდულები და პროგრამები ვერ ითვალისწინებს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების საჭიროებებს, არის ზედაპირული და ფორმალური ხასიათის.

ომბუდსმენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით, განიხილოს მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და შედეგები აცნობოს საზოგადოებას.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები