,,ომეგა ჯგუფის” დირექტორის ლევან აღდგომალაშვილის განცხადებით, თუკი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდება, ეს ადგილობრივ წარმოებას მოსპობს და კონტრაბანდას კიდევ უფრო გაზრდის.
ამის შესახებ აღდგომელშვილმა bm.ge-ის „ქართული ოცნების“ რიგი დეპუტატების იმ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის გათანაბრებაა დაგეგმილი.
„იმის გამო, რომ იპორტიორები დემპინგს ეწევიან და სიგარეტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან, ადგილობრივი მწარმოებლები, მთლიანად უფილტრო სიგარეტის წარმოებაზე არიან გადასულები. კონკურენციას დაბალი ფასით ვუწევთ, ხოლო თუ აქციზი გათანაბრდა, საფასო უპირატესობა ვეღარ იქნება და ბაზარს მთლიანად იმპორტი დაიკავებს”, - განაცხადა აღდგომელაშვილმა BM.GE-თან საუბრისას.
,,ომეგა ჯგუფის” დირექტორი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სიგარეტის პარალელურად, ფილტრიც იყიდება და არ ეთანხმება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას იმაში, რომ ეს კანონის ხარვეზი და ,,ეშმაკობაა”.
მისი თქმით, ფილტრი ჩვეულებრივი აქსესუარია და ვისაც სურვილი აქვს, იყიდის.
,,ჩვენ ვაწარმოებთ უფლტრო სიგარეტს და ვიხდით გადასახადს, რომელიც უფილტრო სიგარეტისთვისაა დაწესებული. ფილტრი, როგორც აქსესუარი, მაღაზიებში იყიდება, როგორც მაგალითად, მუნდშტუკი, მაგრამ ჩვენთან მას კავშირი არ აქვს. მას არავინ ჩუქნის და ეს არ არის ,,ეშმაკობა”, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებით, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის გათანაბრება იგეგმება, რაც კოლოფზე 1,7 თეთრია.
კანონპროექტის ინიციატორები კაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, ილია ნაკაშიძე არიან.
თუმცა, თავის მხრივ, პარლამენტის დარგობრივი ეკომომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის გათანაბრების წინააღმდეგია.
როგორც კაკულია bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, მას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და თუკი მათზე არგუმენტირებული პასუხები არ ექნება, ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
კაკულიას თქმით, საჭიროა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სიგარეტი, რომელსაც უფასო ფილტრი მოჰყვება და ჩვეულებრივი უფილტრო სიგარეტი.
,,იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მხოლოდ უფილტრო სიგარეტს აწარმოებენ, ეს ინიციატივა უსამართლოდ მომეჩვენა. შეგვიძლია, გარკვეული გრადაცია შემოვიტანოთ, მით უფრო, რომ ადგილობრივ წარმოებაზე ვსაუბრობთ”, - განაცხადა კაკულიამ.

























