მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

""ომეგა ჯგუფი" ბოროტად სარგებლობდა სახელმწიფოს ლოიალურობით"

5b9905420b7a5
თამუნა დემეტრაშვილი
12.09.18 16:22
1490
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, "ომეგა ჯგუფი“ ბოროტად სარგებლობდა სახელმწიფოს ლოიალურობით და სპეკულირებდა იმით, რომ ადგილობრივ წარმოებაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

"კომპანია ბოროტად სარგებლობდა იმ ლოიალურობით, რასაც ბოლო სამი წლის განმაბლობაში სახელმწიფო მათ მიმართ იჩენდა და ვალს მნიშვნელოვნად ზრდიდა“-განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ გავრცელებული სატელეფონო საუბრის შინაარსი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

"ის, თუ დამფუძნებელი, მის ყოფილ ან არსებულ თანამშრომელთან რას საუბრობს ტელეფონით, თუ შენობაში... არ ვიცი სად არის ჩაწერილი... ვერანაირად ვერ გამოდგება იმის გამართლებად, რომ არ იხდიდნენ გადასახადს, ვერ გამოდგება შანტაჟის საშუალებად. მე როგორც ვიცი ლევან ყიფიანი, ყოფილი თუ არსებული თანამშრომელია და "ომეგას“ სახელით მოღვაწეობდა. ეს თქვენ გამოიკვლიეთ რა სტატუსით იყო ომეგასთან ასოცირებული ეს ადამიანი.“-მიმართა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

"როდესაც მოვედი და დავხედე ციფრებს, მივხვდი, რომ ამის გაგრძელება შეუძლებელი იყო. გადავწყვიტე, რომ აქციზური მარკები აღარ მიგვეცა. შემდეგ მოვიკითხე, რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ ეს დაგროვილი ვალი ამოგვეღო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არავისთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია და არავის არაფერი დაუვალებია.“-განაცხადა მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილება ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, შეუძლებელი იყო, რადგან არსებული პარამეტრები და ფინანსური მაჩვენებლები სამინისტროს ამის საშუალებას არ აძლევდა.

მაჭავარიანის განცხადებით, ბევრ ბიზნესს, შესაძლოა, ობიექტურად შეექმნას პრობლემა და ასეთ დროს სამინისტრო ითვალისწინებს, კონკრეტული ბიზნესების სოციალურ დატვირთვას და სხვა ფაქტორებს. "სწორედ ამ კონტექსტში იყო "ომეგას" პრობლემა გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, ჩემი აზრით, ეს დიდხანს გაგრძელდა და უფრო ადრეც უნდა მიგვეღო მკაცრი ზომები“-დასძინა მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები