საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფმა“ გუშინ 1 მლნ ლარის დავალიანება გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა.
ამის შესახებ bm.ge-ის შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, კომპანიამ შეიძინა აქციზური მარკებიც.
„გუშინ გადაიხადეს 1 მლნ ლარის დავალიანება და გვთხოვეს, რომ წარმოების განახლების საშუალება მიგვეცა; იყიდეს აქციზური მარკებიც და ითხოვეს ნებართვა, რომ განაახლონ წარმოება და დაიწყონ ვალის მომსახურება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას მოუხსნას ინკასო მხოლოდ ანგარიშზე და მოხსნას ყადაღა საბრუნავ საშუალებებზე, რაც „ომეგა ჯგუფს“ საშუალებას მისცემს, განაახლოს წარმოება“, - განმარტა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფმა“ უახლოესი დღეების განმავლობაში ვალდებულების დაფარვის ახალი გრაფიკი უნდა წარმოადგინოს.
ცნობისთვის: შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტის მიმართ "ომეგა ჯგუფის" საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს.
2016 წელს, შპს ოჯთ-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი; 2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20,880,470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2,099,350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21,679,836 ლარი. დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ დაადეკლარირა ანუ აღიარა 19,973,500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12,868,653 ლარი.
2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33,411,299 ლარი.
2018 წლის მანძილზე დაადეკლარირა ანუ აღიარა 16,076,671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1,214,785 ლარი.
სულ, 2016 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში გადახდილია 16,182,788 ლარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52,830,844 ლარს.