"ომეგა ჯგუფმა“ ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა“ განაცხადა. მისი თქმით, უწყების მხრიდან ხდება მათი კანონიერი უფლების იგნორირება, რის გამოც იძულებულები გახდნენ სასამართლოსთვის მიემართათ.
"ვითხოვთ რესტრუქტურიზაციას, სამინისტრო კი ამ კანონიერი მოთხოვნის იგნორირებას ახდენს", - განაცხადა აღდგომელაშვილმა. კომპანიის გენერალური მენეჯერი დასძენს, რომ კომპანიას მუშაობაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
"განზრახ ხდება ხელშეშლა, ამის თქმის საფუძველს კი გვაძლევს ის, რომ ჩვენი მიმართვის მიუხედავად, რესტრუქტურიზაციის კომისია ერთხელაც არ შეკრებილა. სამჯერ მოხდა კომპანიის გაჩერება წელიწადნახევრის განმავლობაში.
მიმდინარე გადასახადი რომ არ ჰქონდეს კომპანიას, თვეში დაახლოებით 600-700 ათასი ლარი მხოლოდ საურავი ერიცხება. რომელ შელშეწყობაზეა საერთოდ საუბარი, როცა ამდენი ხანია გრაფიკს ვითხოვთ“-განაცხადა აღდგომელაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნით, ფინანსთა სამინისტროს კომპანიამ ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში მიმართა, თუმცა ამ დრომდე შედეგი არ ჩანს. აღდგომელაშვილი აღინიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო საურავების დარიცხვის შეჩერება, რაც მხოლოდ რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში მოხდებოდა.
"მინისტრმა დაასახელა 51 მილიონი ლარი, რომელიც მისი თქმით არის კომპანიის დავალიანება. მინდა გითხრათ, რომ აქედან 10 მილიონზე მეტი საურავია. ეს საურავი არ იქნებოდა დროულად რომ მოხდარიყო რესტრუქტურიზაცია", - აღნიშნა "ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო კომპანიას ყადაღა დაადო.