მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ომეგა": ოქუაშვილმა სტოკჰოლმის სასამართლოში საქართველოს მოუგო, "ოჯთ"-ის რეალიზება არ მოხდება

5caafe6be3976
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.19 11:56
1923
„ომეგა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ომეგას" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა  სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მოუგო.

დავა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომლითაც ბიუჯეტის დავალიანების ამოღება თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ოჯთ"-ის რეალიზაციით იგეგმებოდა.

"ომეგა ჯგუფს" "ოჯთ"-ისაქტივების სავალდებულო წესით რეალიზების შესახებ 2019 წლის 22 თებერვალს ეცნობა, სწორედ ამ თარიღის შემდეგ მიმართა ზაზა ოქუაშვილმა საერთაშორისო სასამართლოს. 

ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს, ბაჟის და იურიდიული მომსახურების თანხის გადახდაც დააკისრა, რაც  700 000 - 800 000 ლარამდეა.

"22 თებერვალს მივიღეთ შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან, რომლითაც გვეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა კომპანია “ოჯთ’-ის მთლიანი ქონების რეალიზება იძულებითი აუქციონის მეშვეობით. ამა წლის 22 მარტს, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა შუამდგომლობით მიმართა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს, რათა შეჩერებულიყო ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აუკრძალა საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე საქართველოს მხარეს დაეკისრა  საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი ინდექსის შეთავაზების მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ. სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება არის სავალდებულო საქართველოს მხარისათვის," - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ოჯთ" დღემდე დახურულია. კომპანიაში დასაქმებული ადამიანები გათავისუფლებულები არიან. "ოჯთ"-ის სახელმწიფოს წინაშე 53-მილიონიანი დავალიანება ერიცხება. 

კომპანიის დირექტორმა 2019 წლის 14 მარტს განაცხადა, რომ "ომეგა" დავალიანების გადანაწილებას 10 წელზე ითხოვს, საიდანაც სამი საშეღავათო წელი იქნება.

როგორც ცნობილია, "ომეგა ჯგუფს" საქართველოს ბანკის წინაშეც მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს დაგროვილი. ბანკის მიერ 2018 წლის პირველ ოქტომბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჯგუფის ვალდებულებები 84 მილიონ ლარს აღემატება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები