მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომიკრონის განსხვავებული შტამები BA4 და BA5 გავრცელდა - ანი ქავთარაძე

62c486b623117
ალა ისპირიანი
06.07.22 00:44
6834
ომიკრონის განსხვავებული შტამი BA4 და BA5 გავრცელდა. ამის შესახებ „საქმის კურსში“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ანი ქავთარაძემ განაცხადა. მან ახალი შტამისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა მეოთხე ბუსტერ დოზა უნდა გაიკეთონ და ორსულებმა პირბადე აუცილებლად უნდა ატარონ.

„ბოლო პერიოდში კოვიდ-ინფიცირება კვლავ აქტუალური გახდა. კოვიდ-ინფიცირების საკითხზე არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში დაავადებათა კონტროლის ცენტრები აქტიურად საუბრობენ, ვინაიდან ომიკრონის განსხვავებული შტამები ვრცელდება. ეს არის BA4 და BA5 შტამი. წინა შემთხვევაში იყო BA1 და BA2. ამ შტამებმა უკვე აქტიურად ჩაანაცვლა წინამორბედი შტამები, რაც იმით არის განსხვავებული რომ გაცილებით უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს და მაღალი გადამდებლობით გამოირჩევა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაცილებით უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვს და ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე მის წინამორბედებს.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ არის დაბალი, რადგან გავრცელება სწრაფად ხდება. რისკ ჯგუფების გათვალისწინებით გაცილებით მაღალი იქნება მოკლე პერიოდში ექიმთან მიმართვიანობის ან ჰოსპიტალიზაციის ალბათობა. შესაბამისად მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას წინა ტალღების შემთხვევაში დაშვებული შეცდომები და საპრევენციო ზომები უფრო ადრე იქნას მიღებული.

ეს შტამი ვაქცინირებულ ადამიანებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე არავაქცინირებულებში. შესაბამისად კვლავ ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ. განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში მნიშვნელოვანია მეოთხე ბუსტერ დოზის გაკეთება, რაც ჩვენმა სახელმწიფომაც დაუშვა და ჩვენს ქვეყანაშიც შეუძლიათ ამ ადამიანებს, რომ მეოთხე ბუსტერ დოზა მიიღონ. ასევე განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს და ასევე ორსულებს მოუწოდებენ, რომ პირბადე დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში გამოიყენონ", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში covid-19-ის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 1 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა. Covid-ით ერთ კვირაში 3 ადამიანი გარდაიცვალა. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი კი - 4.05% -ია. დღევანდელი მაჩვენებელი გასული კვირის მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება. გასული კვირის სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით ინფიცირების რიცხვი 1058-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები