ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, გლობალურ ბაზარზე ფსტის ფასი მკვეთრად გაიზარდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ირანზე ფსტის გლობალური ექსპორტის დაახლოებით 30% მოდის, რეგიონში არსებული ვითარება კი ბაზარზე მწვავე დეფიციტს ქმნის.
სამხედრო კონფლიქტმა ქვეყანაში სასუქების შეტანაც შეაფერხა, რამაც მოსავლის აღებას პრობლემები შეუქმნა. შედეგად, პროდუქციის ფასმა უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და ერთ ფუნტზე (454 გრ.) დაახლოებით $4.57 შეადგინა.
პარალელურად, სატრანსპორტო კომპანიები, უსაფრთხოების რისკების გამო, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვაზე უარს ამბობენ, რამაც ბაზარზე ლოგისტიკური ბარიერებიც შექმნა.
ანალიტიკოსების განმარტებით, ფსტის დეფიციტი ბაზარზე ჯერ კიდევ 2025 წელს შეინიშნებოდა, რაც ნაწილობრივ ისეთი პროდუქტების პოპულარობით იყო განპირობებული, როგორიცაა ე.წ. დუბაის შოკოლადი. თუმცა მიმდინარე ომმა დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავა, გაზარდა კონკურენცია და ფასების შემდგომი ზრდა გამოიწვია. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ბაზარზე სტაბილურობის აღდგენა უახლოეს პერიოდში არ არის მოსალოდნელი.


























