ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანი, ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული 250 პირი. ამის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დეპუტატ სოფიო ხორგუანის სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწერილ წერილში წერია.
ვეტერანების სამსახურის ინფორმაციით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანთა რაოდენობა 2502-ია, თავდაცვის ძალების ვეტერანების კი - 1049. გარდა ამისა, რეგისტრირებულია 53 327 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი.
ვეტერანები სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, რომლის ოდენობაც დიფერენცირებულია საბრძოლო მოქმედებების, წელთა ნამსახურებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის შესაბამისად.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს კი, მთავრობა ყოველწლიურად ერთჯერადად გარკვეულ თანხასაც ურიცხავს. წელს მათ 2000 ლარი მიიღეს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა - 1 000 ლარი.

























