მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OMOFOX - ტვირთის გადაზიდვის ქართული პროვაიდერი

627375e63fa34
BM.GE
05.05.22 14:17
1190
OMOFOX - ასე ეწოდება ქართულ სტარტაპს, რომელიც ტვირთის გადაზიდვასა და პროცესში წარმოქმნილი ინფორმაციის გაციფრულებას უზრუნველყოფს. სტარტაპის იდეა პანდემიის პერიოდში, ავტოფარეხში ჩამოყალიბდა და მახო ქიტუაშვილმა, კახაბერ ყოჩიაშვილმა და ვახო რომანოვმა ერთიანი ძალისხმევით დაიწყეს მასზე მუშაობა.

OMOFOX-ის საქმიანობის შესახებ დეტალურად მახო ქიტუაშვილი გვიყვება:

- როგორ დაიწყო OMOFOX-ის ისტორია?

OMOFOX - ის იდეა 2020 წლის სექტემბერს გაჩნდა, სწორედ მაშინ, როცა პანდემია მძვინვარებდა. სპონტანური გადაწყვეტილება სამმა დამფუძნებელმა ერთდროულად მივიღეთ და გადავწყვიტეთ, არსებული რესურსების მობილიზაციით იდეაზე მუშაობა ავტოფარეხში დაგვეწყო - დიდი მიზნებიც სწორედ იქ დავისახეთ. კარგად გვქონდა გააზრებული კომერციული ტვირთების გადაზიდვის პროცესის დროს რამდენ პრობლემასა და ბარიერს ხვდება მომხმარებელი და მასში ჩართული სხვადასხვა მონაწილე მხარე; სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია საიმისოდ, რომ გამოსწორების გზები გვეძებნა. საწყის ეტაპზე კაპიტალი არ გვქონდა, მაგრამ ვიაზრებდით, რომ ჩვენი განვითარების და ზრდის გზა სწორედ ბაზარზე შესვლით და მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარებით იწყებოდა.

- ვინ არიან OMOFOX-ის დამფუძნებლები?

პროექტის თანადამფუძნებლები არიან: მახო ქიტუაშვილი, კახაბერ ყოჩიაშვილი და ვახო რომანოვი. თითოეული გუნდის წევრის ძლიერი მხარე და პროექტის წარმატებული გზით წარმართვის წინაპირობა აღმოჩნდა გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს ტვირთის ექსპედიციაში, მომხმარებლებთან ურთიერთობაში, ტექნოლოგიებსა და ლოგისტიკაში. სამომავლო გეგმები და ხედვა რეალობად, სწორედ ამ გამოცდილების დახმარებით იქცა.

- რა პრობლემას წყვეტს OMOFOX?

OMOFOX არის ციფრული ტვირთის ექსპედიტორი, რომელიც უფრო მარტივ ენაზე რომ განვმარტოთ, ტვირთის გადაზიდვის სრული პროცესიის პროვაიდერია და ამავდროულად, ახდენს არსებულ პროცესში წარმოქმნილი ინფორმაციის გაციფრულებას OMOFOX - ის პლატფორმაზე, რაც მომხმარებელს ტვირთის გადაზიდვის პროცესში სრულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. მაგალითად: ტვირთის ადგილმდებარეობა, გადაზიდვის სტატუსები, დოკუმენტები, მონაწილე მხარეები და სხვა.

- რა ტიპის სირთულეებს აწყდებოდით მუშაობის პროცესში?

საწყის ეტაპზე, ძირითადად, ტრადიციული ფორვარდერებისთვის დამახასიათებელ სირთულეებს ვაწყდებოდით, თუმცა, ასეთმა პრობლემებმა მალევე იკლო მომხმარებლების და პარტნიორების მხრიდან OMOFOX-ის ხედვის გაცნობასთან ერთად. შედეგად, მთავარ სირთულედ მხოლოდ სამიზნე ბაზრის ნაწილის ძველმოდურ და პრობლემებით სავსე ტრადიციულ გადაზიდვებთან მიჯაჭვულობა დარჩა, თუმცა, ბაზრის ეს ნაწილი დღითი დღე მცირდება, რასაც OMOFOX-ის ზრდაც უწყობს ხელს.

- რა ეტაპზე OMOFOX ამჟამად?

ამჟამად 25 გუნდის წევრი ვართ და წლის განმავლობაში 20 სხვადასხვა პოზიციაზე ვგეგმავთ გუნდის წევრების დამატებას. ექსპედიციის პროცესში მინიმალურმა ცვლილებებმა, შესაძლებელი გახადა, რომ მოკლე დროში მეტი ახალი მომხარებელი მოგვეზიდა. ამ დროისთვის 300 მუდმივი დამკვეთი გყვავს, მოცემული რიცხვი კი დღითი დღე იზრდება. ახალი დამკვეთები, ძირითადად, არსებული დამკვეთების რეკომენდაციით მოდიან, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ეს ფაქტორი ჩვენ მიერ განხორციელებული სამუშაოების ერთ-ერთ საუკეთესო ინდიკატორადაც შეიძლება ჩაითვალოს.

- რატომ Shark Tank?

OMOFOX-ში გამოწვევებს არ ვერდიდებით, Shark Tank კი სწორედ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა. პროექტი ახალ საინტერესო გამოწვევად და შესაძლებლობად აღვიქვით, რომელიც განვითარების ახალ გზებსაც დაგვანახებდა. საქართველოში მსგავსი პროექტები და პროგრამები ჯერჯერობით ძალიან მცირეა, სადაც ჩვენ მსგავს კომპანიებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი პოტენციალი სწორად წარმოაჩინონ.

- როგორი მოლოდინები გქონდათ?

იქიდან გამომდინარე, რომ გვჯერა ჩვენი გუნდის და ჩვენი საქმისადმი მაქსიმალურად პროფესიონალური მიდგომის, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვქონდა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჟიურის წევრები დააფასებდნენ მსგავს მიდგომას საქმისადმი და მართლაც ასე მოხდა.

- Shark Tank-მდე თუ აგიღიათ დაფინანსება?

ამ მომენტისთვის მხოლოდ 1 გრანტი გვაქვს მიღებული, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინვოაციების სააგენტოს 100 000 ლარი, მაგრამ ახლო მომავალში გვექნება სიახლეები, ახალი ინვესტიციის შესახებ..

- რის გაკეთებას აპირებთ აღებული ინვესტიციით?

აღებული ინვესტიცია ჩვენი კომპანიის განვითარებას და უკვე არსებული, ჩვენ მიერ შექმნილი ხელსაწყოების განვითარებას მოხმარდება. ასევე, ინვესტიცია დაგვეხმარება გავცდეთ არსებულ მასშტაბებს და პოზიციონირება სხვა ქვეყნებშიც განვაგრძოთ.

- და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვგეგმავთ, რომ 2022 წელს კიდევ 2 ახალ ქვეყანაში მოვახდინოთ ექსპანსია და გუნდი 40 ახალი წევრით გავზარდოთ. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე 700 მუდმივი ბიზნესდამკვეთის მოპოვებაა.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ - Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები