მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ონკანის წყლის მომხმარებელი ნელ-ნელა გადადის ბოთლის წყალზე" - ზურა შარაშენიძე

მთის წყალი

ზაფხულის მოსვლასთან და, ზოგადად, ბოთლის წყალზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, წყალი "მთის" ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. როგორც ქარხნის დირექტორმა, ზურა შარაშენიძემ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა, გაიზარდა როგორც ბოთლის წყლის, ასევე "მთის" პოპულარობაც.

მისი თქმით, მომხმარებლები ონკანის წყლიდან ბოთლზე გადადიან.

"ზაფხულის სიცხე პირდაპირპროპორციულია ხოლმე წარმოებასთან, ძალიან აისახება. მოხმარება იზრდება, ფაქტობრივად ორმაგად. ჩვენც მაქსიმალურ დატვირთვაზე ვართ გადასული, იმიტომ, რომ ძალიან გაიზარდა ჩვენი წყლის პოპულარიზაცია, ბაზრის წილიც წინა წელთან შედარებით, კიდევ უფრო გაზრდილია.

ზოგადად, საქართველოში ადამიანების მიდგომა წყალთან მიმართებით ყოველ წელს იცვლება. ორი წლის წინ სხვა სიტუაცია იყო. მაშინ, შეიძლება, ზამთარში გაგვეყიდა იმის, ვთქვათ, 30%, რასაც ზაფხულში ვყიდდით. ადრე ადამიანი თუ ყიდულობდა ერთ ბოთლს, როცა მოსწყურდებოდა, მხოლოდ მაშინ, ახლა შეიძლება, მთელი შეკვრა იყიდოს. ონკანის წყლის მომხმარებელიც ნელ-ნელა გადადის ბოთლის წყალზე", - ამბობს ზურა შარაშენიძე.

მისი აზრით, ბოთლის წყლის პოპულარობა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ონკანის წყალიც სრულიად უსაფრთხოა მოხმარებისთვის, ადამიანთა გარკვეული ნაწილი უპირატესობას მინერალურ წყალს ანიჭებს.

"ნელ-ნელა გაიხსნა ეს საინფორმაციო ველი, რომ რაღაცებს ვიგებთ ამ პროდუქტთან დაკავშირებით, როგორც კარგ თვისებებს, ასევე, ხანდახან ცუდსაც აღმოაჩენ ხოლმე. ყველას ქვეცნობიერად გვგონია, რომ წყალი ის პროდუქტია, რომელიც აბსოლუტურად ჯანსაღი უნდა იყოს. არ შეიძლება, რომ პროდუქტი იყიდო და რამე არასწორი დაგხვდეს მასში. ეს პირველ რიგში სახელმწიფომ, მეორე რიგში კი მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს.

ამიტომ, ამ ნაწილშიც, კონტროლი იზრდება. რა თქმა უნდა, ონკანის წყალიც ყველა ვარიანტში უსაფრთხოა, რადგან დაშვებულია. თუმცა, როგორ აღწევს ამის უსაფრთხოებას, ეგეც მნიშვნელოვანია. ონკანის წყლის შემთხვევაში, ის ბევრ ფილტრაციას, დეზინფექციას გადის, რომ მომხმარებლამდე 100%-ით გარანტირებული მივიდეს, ამის კონტროლი საკმაოდ მაღალია და შესაბამისი ზომები აქვს. ამ წყლებსაც თავისი კატეგორიები აქვს და ყველა წყალი ერთნაირ ვერ იქნება. არის სასმელი წყალი, არის ნატურალური მინერალური წყალი, არის წყაროს წყალი, არის სხვადასხვა კატეგორიებია, რომლებსაც თავიანთი ტექნიკური რეგლამენტები აქვთ. შენ შესაბამის კატეგორიაში ექცევი. ვალდებული ხარ, რომელ კატეგორიაშიც ხარ, ის რეგლამენტი შეასრულო", - განმარტავს ზურა შარაშენიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები