ონკოქირურგ კონსტანტინე მარდალეიშვილის შეფასებით, საქართველოში ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სისტემური კოორდინაციის ნაკლებობაა.
ამის შესახებ მან BMG-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე, პაციენტთა მართვის ხარისხსა და სისტემურ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.
მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკების „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ და „სხივური მედიცინის ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს მრავალპროფილური კლინიკები და ხელმისაწვდომია თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილი, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ ფრაგმენტულია.
ონკო-ქირურგის შეფასებით, პროფესიული საზოგადოების პერიოდული შეკრება და საერთო პრობლემების კოლექტიური განხილვა ონკოლოგიური მიმართულების პროგრესისთვის აუცილებელია. როგორც მან განმარტა, სპეციალისტები ხშირად დამოუკიდებლად მუშაობენ, რაც ზოგჯერ განსხვავებულ პრაქტიკებსა და არათანაბარ კლინიკურ მიდგომებს იწვევს. კონსტანტინე მარდალეიშვილი მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება, მკაფიო პროტოკოლების დანერგვა და სტანდარტების თანმიმდევრული დაცვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების მართვას.
“მიხარია, რომ დღეს ყველა ერთად ვართ. ასე რომ ვიკრიბებოდეთ წელიწადში ერთხელ მაინც ონკოლოგები და ვწყვეტდეთ ჩვენს ონკოლოგიურ პრობლემებს, ჩვენზე ბედნიერი ხალხი არ იქნებოდა, რადგან ერთმანეთისგან გარკვეულწილად დაცილებულები ვართ. ყველას საკუთარი პატარა კლინიკა აქვს შექმნილი. თუმცა, თუ მთლიანობაში შევხედავთ, საქართველოში ყველაფერი არსებობს, რომ მკურნალობა უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. ერთადერთი აუცილებელი პირობა ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელსაც ყველა მიჰყვება“, - აღნიშნა კონსტანტინე მარდალეიშვილმა.
მისივე შეფასებით, არსებული რესურსების კონსოლიდაცია, ერთიანი კლინიკური პროტოკოლების დანერგვა და პროფესიული სტანდარტების თანმიმდევრული დაცვა გახდება მთავარი წინაპირობა როგორც სერვისების ხარისხის ზრდის, ისე ინოვაციური სამკურნალო მიდგომების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის ქვეყანაში.
BMG-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტის” სპეციალური ეთერში, რომელიც მიზნად ისახავს ონკოლოგიის სფეროში არსებული ვითარების კომპლექსურ შეფასებას და პროფესიული საზოგადოების საერთო ხედვების წარმოჩენას, ქვეყნის 18 წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდა.




























