ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ - პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში - თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.
ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.
მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.
საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, მკურნალობას ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით 2023 წლიდან შეუძლიათ. შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელიც 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის 2023 წლის 31 ივლისს გაფორმდა.

























