"კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძის შეფასებით, ონკომედიკამენტების აფთიაქებიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში გადატანა, პაციენტებისთვის არაფერს ცვლის და გაუგებარია, რატომ გახდა უწყებისთვის პრიორიტეტი. ამის შესახებ მან bm.ge-სთან სამინისტროს მიერ გავრცელებული ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.
"სახელმწიფო პრიორიტეტს საერთოდ სხვა საკითხებს უნდა ანიჭებდეს. კლინიკებში მედიკამენტის გადატანა, როცა ლოგისტიკა სულ მოუგვარებელია, სულ წამლის დეფიციტია, პაციენტებისთვის არაფერს ცვლის. ეს დეფიციტი თუ აღმოიფხვრება, კლინიკაში თუ მედიკამენტის დროული მიღება იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ეს იქნება მისასალმებელი. ახლა, როცა უამრავი მედიკამენტი, რომელიც აუცილებელია დაფინანსებაში არ შედის, ამ უძვირესი მედიკამენტების მოძიება პაციენტებს თავად უწევთ და ამის საშუალება ბევრს არ აქვს და რეგიონებიდან გვწერენ, რომ რამდენიმე თვეა დიაგნოზი აქვთ დასმული და ბალახეულით მკურნალობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მინისტრმა, რომელიც სამ თვეზე მეტია პოსტზეა, მხოლოდ ეს ცვლილება დააპრიორიტეტა.
ჩვენი მოთხოვნები ისევ ძალაშია, არაერთხელ მივმართეთ პრემიერ-მინისტრსაც. იმის ნაცვლად, რომ შეუმსუბუქონ ონკოპაციენტებს ყოფა ჯანდაცვის ცხელი ხაზიც კი ფასიანი გახადეს, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია. არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თანხა ფასიან ხაზზე 15-20, ან მეტი წუთის მოლოდინის რეჟიმში იყვნენ ხაზზე. დაფინანსება სულ აგვიანებს და ადამიანებს სულ სჭირდებათ დარეკვა, გადამოწმება.
გასაგებია, რომ პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ არანაირი პრიორიტეტი ეს არ არის იმ პრობლემების ფონზე, რაც გვაქვს", - განაცხადა აფხაიძემ.
ონკოპაციენტებს ასევე შექმნილი აქვთ პეტიცია სადაც მოთხოვნები დეტალურადაა გაწერილი, რომელსაც ხელს 3 000-ზე მეტი ადამიანი აწერს.
პეტიცია: https://shorturl.at/7bKXl
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, აფთიაქების ნაცვლად პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.