„25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. მისივე განმარტებით, ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეეძლებათ ჰქონდეთ ამოწურული 25 000 ლარიანი ლიმიტი.
„ჯანდაცვის სამინისტროში დანიშვნის პრაქტიკულად პირველივე დღიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას ეს იყო დაწესებული 25 000 ლარიანი ლიმიტი იმ დაფინანსებისა, რომელსაც ანაზღაურებებს სახელმწიფო.
ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან, ასევე, თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000 ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.
ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ამოწურული ჰქონდეთ 25 000 ლარიანი ლიმიტი.
დაწყებულია მომზადება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებებზე შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. პარალელურად ჩვენ დაგვჭირდება იმაზე მუშაობის გაგრძელება, რომ ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხებოდეს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები.
გაგრძელდება მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია პაციენტების პრობლემების გადაჭრისთვის. ეს იმისთვის, რათა ამ მუშაობის შედეგად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და სახელმწიფოს მეტი სახსრები რჩებოდეს ისევ პაციენტთან საკეთილდღეოდ ამ სახსრების გამოსაყენებლად.
გვაქვს იმედი, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორიც და თავად ონკოლოგიური პაციენტებიც კვლავ აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჩვენთან ერთად მუშაობის პროცესში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.