პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. საუბარია, რომ შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რომელიც სათმაშო ბიზნესის სფეროს პოლიტიკას განსაზღვრავს. ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, შეიზღუდება ონლაინ აზარტულ თამაშობებთან წვდომა, დაწესდება ასაკობრივი ცენზი და ამოქმედდება ე.წ თვითაკრძალვის მექანიზმი, რაც სისტემაში გაშავებას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმით სარგებლობის უფლება მოთამაშის გარდა, მის ოჯახის წევრებსაც ექნება. როგორც პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, მათ მიერ მომზადებული შესაბამისი კანონპროექტის წარდგენას საშემოდგომო სესიაზე გეგმავენ.
"აზარტული თამაშების ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. 2012 წელთან შედარებით მათი ბრუნვა 10-ჯერ არის გაზრდილი. ეს ბიზნესი მეტია ვიდრე ენერგეტიკა. მეორე მიმართულებაა ონლაინ აზარტული თამაშები, რომელთა შემოსავლები მალე მილიარდს გადააჭარბებს. ეს სფერო უნდა შეიზღუდოს. მიწა დარჩეს და მიწაზე მოხდეს გაკონტროლება. ჩვენ გავაკონტროლებთ არასრულწლოვნების ვერშეღწევას დაწესებულებებში. ელექტროკონრტოლი წარმოუდგენელია. რაც არ უნდა რეგულაცია უნდა შევიმუშაოთ წარმოუდგენელია სახელმწიფომ როდესმე გაუწიოს ტექნოლოგიური კონკურენცია იმ კომპანიებს, რომლებიც მილიარდებს ატრიალებენ. თუ ონლაინ სივრცე არ ჩაიკეტა არანაირ რეგუალციებს ამ მიმართულებით მნიშვნელობა არ აქვს’’-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
მისი თქმით, უნდა მოხდეს საერთაშორისო სერვერებზე წვდომის აკრძალვაც, რადგან მათი წყალობით ქვეყნიდან 200 მილიონი დოლარი გაედინება.
რაც შეეხება სათამაშო ბიზესზე რეგულაციების გავლენას, გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არაფერს ეს ბიზნესი არ დაკარგავს. "უბრალოდ მოუწევთ მიწაზე გადასვლა. ეს სახელმწიფოს მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს’’-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

























