მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ონლაინ გაყიდვების წილი 75%-მდე გაიზარდა" - "ზეზეწარი"

ზეზეწარი

ქართული ტექსტილის ბრენდის „ზეზეწარის“ ონლაინ გაყიდვების წილი 75%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიკელა ახვლედიანმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წელი ბრენდისთვის წარმატებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ონლაინ გაყიდვების მიმართულებით, რომელიც წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება.

„თუ შარშან ონლაინ გაყიდვების წილი 50-55%-ს შეადგენდა, წელს, გაყიდვების 70-75% ონლაინ არხებზე მოდის. ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ტექსტილის სფერო სპეციფიკურია, ვინაიდან მომხმარებლისთვის პროდუქციის შეძენამდე მასზე შეხება და საკუთარი თვალით ნახვა მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, მომხმარებელი უკვე მზად არის პროდუქცია ონლაინ შეიძინოს, რადგან იცის, რომ „ზეზეწარში“ ხარისხი ყოველთვის მაღალია”, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია სახლის სამოსი და თეთრეული, თუმცა წელს გამოიკვეთა ახალი ტენდენციაც - მომხმარებელი ბრენდის პროდუქციას საჩუქრების სახითაც იძენს, რაც ახვლედიანის თქმით, სასიხარულო ფაქტია. ამასთან, კომპანიაში წინასაახალწლოდ გაყიდვების დინამიკა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მომხმარებლებმა საჩუქრების შერჩევა უკვე დაიწყეს : „გვიხარია, რომ სასაჩუქრე ნიშაც წარმატებით მოვიცავით“, - აღნიშნა მან.

სახლის ტექსტილის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ზეზეწარი“ საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ზეწრებს, პირსახოცებს, პიჟამასა და თეთრეულის ნაირსახეობას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები