OPEC+-მა ბაზარი გააოცა, აგვისტოში წარმოების 548,000 ბარელით გაზრდით - მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჯგუფმა მიანიშნა, რომ სექტემბერშიც გაგრძელდება ზრდა, რაც 2023 წლის შემცირებებს სრულად გააუქმებს. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამას გარდა, მიმოხილვაში შემდეგ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული:
ტაივანურ ETF-ებში საცალო ინვესტორებმა $19 მლრდ-ს გადააჭარბეს - მეტი, ვიდრე ჩინეთსა და სამხრეთ კორეას ერთად. უცხოელების $3 მლრდ-იანი გასვლის მიუხედავად, Taiex ინდექსი მხოლოდ 2%-ით დაეცა შიდა მოთხოვნისა და ძლიერი ვალუტის წყალობით.
აშშ-ის ინვესტმენტ-გრეიდ კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება 2025 წლის მეორე ნახევარში $600 მლრდ-მდე შემცირდება, JPMorgan-ის პროგნოზით - პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი $900 მლრდ იყო. მთავარ გამომცემლებს, განსაკუთრებით ბანკებს, საჭირო სესხების უმეტესობა (70%) უკვე აქვთ მოზიდული.
ლეიბორისტების გამარჯვების შემდეგ თავდაპირველი ოპტიმიზმი ბრიტანულ ბიზნესში უკმაყოფილებით შეიცვალა - მიზეზებია გაზრდილი გადასახადები, ბიუროკრატია და მთავრობის მხრიდან მცირე ჩართულობა. კომპანიები სამუშაო ადგილების შემცირებაზე, ინვესტიციების გადავადებასა და ბიზნესების გადატანაზე საუბრობენ.




























