მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Open Net-ის ინტერნეტიზაციის პროგრამით ჩვენ მოვიცავთ სრულიად საქართველოს"

5cfa23b392ae4
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.19 12:43
962
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, სადაც ის ანგარიშს წარადგენს, ინტერნეტიზაციის პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ევროპული ტიპის განათლების სისტემა გვქონდეს ყველა მუნიციპალიტეტში, საჭიროა მათ შორის ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის ფიქსირებული ინტერნეტკავშირი.

“ჩვენ ამას ვახორციელებთ 2 პროგრამის ფარგლებში, ერთი არის საყოველთაო ინტერნეტიზაცია, ე.წ. Open Net-ის პროგრამა. ეს არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ფიქსირებული ინტერნეტი. დღეს ჩვენ გვაქვს ინტერნეტიზებული 88% და იმ 12%-დან უმეტესობას გაწვდება, თუმცა, ყოველთვის დაგვრჩება 2-3% დასახლებული პუნქტებისა, სადაც მოსახლეობა ცოტაა, 200 ადამიანზე ნაკლები და სადაც ტექნიკურად ვერ ხერხდება, რომ მივაწოდოთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. იქ ჩვენ ვახორციელებთ სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც უკვე დაწყებულია. 2017 წელს თუშეთის რაიონის 24 სოფელი იქნა ინტერნეტიზებული. ახლა ვახორციელებთ იგივეს სხვადასხვა რეგიონებში, გუდამაყარში, ფშავ-ხევსურეთში. ეს არის 2 პროგრამა ერთი არის მცირე დასახლებებისთვის, მეორე, უფრო მასობრივი Open Net-ის პროგრამა, რომლითაც ჩვენ მოვიცავთ სრულიად საქართველოს”,- აცხადებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის ივლისში დაამტკიცა. ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ პროექტისთვის მთლიანობაში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება, რასაც სრულად ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ქართუ" გაიღებს. ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები