მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Open Net შემოწირულობით ფინანსდება" - საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დეტალები

5e3e76ff96e8b
სალომე მეცხვარიშვილი
08.02.20 13:00
1423
ააიპ Open Net, რომელიც საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ამ პროექტის მენეჯერად გვევლინება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება,-ამის შესახებ bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ააიპ-ს გააჩნია საკუთარი სახსრები (შემოწირულობა), რომლითაც საქმიანობს ორგანიზაცია. უწყებაში არ განმარტავენ, ვინ არის open net-ის შემომწირველი და რა თანხებს გამოყოფს ეს ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია. არის თუ არა ეს შემომწირველი „ქართუ“, რადგან არაერთხელ ოფიციალურად ითქვა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფონდია - ამ კითხვაზე პასუხს არ აკონკრეტებენ.

Open Net-ის დაფინანსების სქემა კი ასეთია: შემომწირველმა ერთჯერადად ააიპ-ის ბალანსზე გააკეთა შემოწირულობა, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ კომერციულ ბანკში დევს დეპოზიტზე, „ოუფენ ნეტის“ მენეჯმენტი და სხვა თანამშრომლები კი სწორედ ამ თანხაზე დარიცხული პროცენტით იღებენ ანაზღაურებას. რა თანხა დევს „ოუფენ ნეტის“ ანგარიშზე ესეც უცნობია.

Open Net ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ" 2015 წელს დააფუძნა. ააიპ-ს უნდა განესაზღვრა ადგილები, სადაც ამ დრომდე საქართველოში არ არის ინტერნეტი; მოემზადებინა პროექტები და შეეთავაზებინა კერძო სექტორისთვის. თუ ბიზნესი მის განხორციელებაზე უარს იტყოდა, თავად ეზრუნა შესაბამისი ინფრასტრუქტრის მშენებლობაზე. თუმცა, პროექტის დაანონსებიდან 5 წლის შემდეგაც, ინფრასტრუქტურა აშენებული არ არის.

რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ პროექტი შეფერხებული იყო, თუმცა, მასზე აქტიური მუშაობა დაიწყებოდა.

კითხვაზე, რამ განაპირობა პროექტის შეფერხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში BM.GE-ს განუცხადეს:

„ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებაში იყო გარკვეული შეფერხებები, რომლებიც, ძირითადად, გამოწვეული იყო იმით, რომ მოდელებს, რომლითაც უნდა მომხდარიყო პროექტის განხორციელება, ხელი არ შეეშალა კერძო სექტორის განვითარებისთვის. პროექტის გამოცხადებიდან დღემდე, „ქართუ“ ფონდის მხარდაჭერით, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი წინამოსამზადებელი სამუშაოები (კომპანია „დეტეკონთან“ ერთად ბაზრის კვლევა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება; სამოქმედო გეგმის შემუშავება; სამართლებრივი აქტების მომზადება; ქსელის ხელახალი დაგეგმარება-შეფასება; ინტერესთა მოწვევის გამოცხადება და ა.შ.)“,- აცხადებენ უწყებაში.
რა თანხა დახარჯა „ქართუმ“ ამ დრომდე პროექტისთვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

„ფონდი „ქართუ“ პროექტის გამოცხადებიდან არის ჩართული ინტერნეტიზაციის პროექტში, მან საკმაოდ სერიოზული, სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რომელსაც ახლა სამინისტრო იყენებს.

„ქართუ“ ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას სჭირდება დახმარება და კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია“,- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ bm.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში მონაწილეობს „მსოფლიო ბანკიც“. რამდენიმე კვირის წინ ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა bm.ge-ს განუცხადა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში 30-დან 50-მილიონი დოლარამდე ჩადონ. თუმცა, მაშინ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა თქვა, რომ პროექტში „ქართუს“ ჩართულობის შესახებ არაფერი იცის.
რა როლი აქვს ამ პროცესებში “მსოფლიო ბანკს”, ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ინტერნეტიზაციის პროექტით აქტიურად არის დაინტერესებული მსოფლიო ბანკი, რომლის მხარდაჭერითაც, ქვეყანაში უკვე ხორციელდება 5 წლიანი სტრატეგია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია საკუთარი სახსრები, მაგრამ როდესაც დაზუსტდება ბიუჯეტი, შემდეგ განისაზღვრება, გვჭირდება თუ არა დამატებითი წყაროები პროექტის განხორციელებისთვის“,-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
საყოველთაო ინტერნეტიაციის პროექტი 2015 წელს დაანონსდა. 2016 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ფონდი” პროექტში ჩაერთვებოდა და რეგიონების ინტერნეტიზაციისთვის $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები