მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI ახალ ტელეფონს ქმნის, რომელსაც აპლიკაციები არ ექნება

OpenAI

გავრცელებული ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, OpenAI-მ საკუთარი ტელეფონის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. საუბარია სმარტფონზე, რომელიც ტრადიციულ აპლიკაციებს ხელოვნური ინტელექტის აგენტებით ჩაანაცვლებს.

ანალიტიკოს მინ ჩი კუოს ინფორმაციით, პროექტში MediaTek-ი, Qualcomm-ი და Luxshare-ი ჩაერთნენ. მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები 2027 წლის პირველ კვარტალში დაზუსტდება.

სმარტფონის წარმოების დაწყება კი 2028 წლისთვის იგეგმება. როგორც ირკვევა, OpenAI-ს მიზანი მომხმარებლისთვის დავალებების შესრულების გამარტივება და ცალკეული პროგრამების საჭიროების გაუქმებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობისთვის სპეციალურ ჩიპებს MediaTek-ი და Qualcomm-ი შექმნიან, Luxshare-ი კი წარმოებაზე იზრუნებს. როგორც ირკვევა, ახალი თაობის პროცესორები ხელოვნური ინტელექტის აგენტების მუშაობაზე იქნება ორიენტირებული. შედარებისთვის, 2026 წლის პრემიუმ კლასის Android სმარტფონები Qualcomm-ის მიერვე შექმნილ ჩიპებზე, მეტწილად, Snapdragon 8 Elite Gen 5-ზე მუშაობს. შესაბამისად, ახალი ჩიპები მათზე მკაფიოდ მძლავრი იქნება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ OpenAI-მ პარტნიორებად სწორედ ის კომპანიები შეარჩია, რომლებიც ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებენ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანია მოწყობილობის დიზაინზე Apple-ის ლეგენდარულ დიზაინერ ჯონი აივისთან ითანამშრომლებს.

OpenAI-ს ახალი მოწყობილობის კონცეფციის ცენტრში ხელოვნური ინტელექტის აგენტები დგანან. AI ასისტენტები, რომლებიც სხვადასხვა დავალებას აპლიკაციებს შორის ნავიგაციის გარეშე შეასრულებენ. მინ ჩი კუოს განმარტებით, მომხმარებლები არა აპლიკაციების გამოყენებას, არამედ კონკრეტული დავალებების გაცემას და შესაბამისი შედეგების მიღებას შეძლებენ. მაგალითისთვის, მას შემდეგ, რაც შეკვეთების განხორციელებაზე ორიენტირებული AI აგენტი მომხმარებლისაგან კონკრეტული საკვების ყიდვის დავალებას მიიღებს, ის თავად გავა კონტაქტზე პროდუქტის მწარმოებელ კომპანიასთან, თავად ჩანიშნავს შეკვეთას, თავადვე განახორციელებს გადახდას და თავადვე იქნება კონტაქტზე კურიერთან. როგორც მინ ჩი კუო ამბობს, ეს მიდგომა სმარტფონებთან ურთიერთობის პრინციპს ფუნდამენტურად შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ OpenAI ფიზიკური მოწყობილობების მიმართულების მნიშვნელოვანი სიახლეების დაანონსებას 2027 წლისთვის გეგმავს. როგორც ცნობილია, სხვა პროდუქტებთან ერთად კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ყურსასმენების გამოშვებასაც აპირებს. ჯამურად კი, 2028 წლის ბოლომდე ბაზარზე OpenAI-ს ხუთი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები