წამყვანმა ამერიკულმა სტარტაპმა, OpenAI-მ და Amazon-ის შვილობილ კომპანია AWS-მა $38-მილიარდიანი გარიგება გააფორმეს. საუბარია შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც OpenAI-ს მოდელები ნაწილობრივ Amazon-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე იმუშავებენ.
საუბარია მათ შორის ისეთ სერვისებზე, როგორებიც ChatGPT, Sora და ბრაუზერი Atlas-ია, თუმცა OpenAI AWS-ის მონაცემთა ცენტრებზე მომუშავე მოდელებს მხოლოდ დეველოპერებსა და კომპანიებს შესთავაზებს. რიგითი მომხმარებლებისთვის კი ყველასთვის ნაცნობი პროგრამები ისევ Microsoft-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე გაეშვება.
სტარტაპის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ტექნოლოგიურ სფეროში სტრატეგიულ ცვლილებად უკვე შეფასდა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში OpenAI-სთვის ქლაუდ სერვისის ერთადერთი მომწოდებელი Microsoft-ის Azure-ი იყო. შესაბამისად, ამიერიდან სემ ოლტმენის სტარტაპი მეტად დივერსიფიცირებული გახდება. ამჟამად ერთადერთი კითხვა, რომელიც ტექ-ინდუსტრიაში ჩნდება, ეხება OpenAI-ს მოდელების ეფექტურობას, ფასის შესაძლო ცვლილებას და ხელმისაწვდომობის მასშტაბს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ AWS-სს მნიშვნელოვანი ხარვეზი დაუფიქსირდა, რამაც სხვადასხვა კომპანიის საქმიანობა საგრძნობლად შეაფერხა.




























