ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის გიგანტმა, სტარტპმა OpenAI-მ აშშ-ის ხელისუფლებას საკუთარი აქციების 5%-იანი პაკეტი შესთავაზა. არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მიზნად ვაშინგტონის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემცირებას ისახავს. საყურადღებოა, რომ განსაზღვრული წილის ღირებულება დაახლოებით $42.6 მილიარდს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კი მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის შეფასება ამჟამად დაახლოებით $852 მილიარდია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სემ ოლტმენმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებისას სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნის იდეაც წამოაყენა. Financial Times-ის ინფორმაციით, ინიციატივა წამყვანი ამერიკული AI კომპანიების, მათ შორის Anthropic-ის, Google-ისა და Meta-ს მიერ სახელმწიფოსთვის ანალოგიური წილების გადაცემას ითვალისწინებს. სემ ოლტმენის თქმით, საზოგადოებისთვის ფინანსური სარგებლის გაზიარების საუკეთესო გზა სწორედ ეს მოდელი შეიძლება იყოს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა, რომლის საფუძველზეც OpenAI მთავრობას აქციების 5%-იან წილს სთავაზობს, პირდაპირაა დაკავშირებული ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე კიბერუსაფრთხოების კუთხით გაზრდილ ზეწოლასთან. მათი შეფასებით, სემ ოლტმენის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ისეთი რისკების გადაზღვევას, როგორიცაა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული AI მოდელების თვითნებურად დაბლოკვა, რადგან მთავრობას ეცოდინება, რომ მსგავსი ნაბიჯი მათ ინტერესებსაც დააზიანებს.
ცნობისთვის, სემ ოლტმენმა მთავრობისთვის წილის გადაცემის იდეა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში შესთავაზა, თუმცა მაშინ ის კონკრეტიკისაგან თავს იკავებდა.




























