მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI-მ Google Chrome-ის კონკურენტი ვებბრაუზერი შექმნა

atlas
სტატიაში საუბარია:

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა OpenAI-მ 22 ოქტომბერს ChatGPT Atlas წარადგინა - ვებბრაუზერი, რომელიც კომპანიას Google-თან კონკურენციაში კიდევ უფრო წინ სწევს.

OpenAI-ის თქმით, ბრაუზერი ChatGPT-ის ბირთვითაა შექმნილი იმისთვის, რომ ჩატბოტი ბრაუზერის სრულ სამომხმარებლო გამოცდილებაში იყოს ჩართული;

"თქვენ შეგიძლიათ გვერდით პანელზე გახსნათ ChatGPT ნებისმიერ ვებგვერდზე, რათა მოცემული კონტენტი მისი დახმარებით შეაჯამოთ ან ახსნათ. შეგიძლიათ გახსნათ ChatGPT ნებისმიერ ველში და ტექსტი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაარედაქტიროთ; ChatGPT-სთან საუბარიც კი შესაძლებელია “, - დაწერა OpenAI-ის აპლიკაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, ფიჯი სიმომ, ბლოგპოსტში.

Atlas-ი უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის საოპერაციო სისტემა MacOS-ზე, Windows-ს, IOS-სა და Android-ს კი უახლოეს მომავალში დაემატება. ბრაუზერის დიზაინი მარტივია: მთავარ გვერდზე ChatGPT-ის ჩატია გამოტანილი, სადაც პირდაპირ შეგიძლიათ დასვათ კითხვები, ან სასურველი ვებგვერდი მოძებნოთ.

ასევე შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ OpenAI-ის სხვადასხვა მოდელზე, როგორიცაა ChatGPT-4, ასევე გამოაჩინოთ გვერდითი პანელი თქვენი ჩატის ისტორიით. ბრაუზერის დამატებითი მეხსიერება საშუალებას მოგცემთ მოძებნოთ თქვენი ინტერნეტაქტივობის ისტორია ან ამოიღოთ დოკუმენტები, რომლებზეც, მაგალითად, Google Docs-ში მუშაობდით.

ტექკომპანიები დიდი ხანია საკუთარი ბრაუზერებისა და AI მოდელების განვითარებაზე მუშაობენ, რათა Google Chrome-ს ბაზრის 72%-იანი დომინაცია ჩამოართვან. Perplexity-მ უკვე წარადგინა ახალი ბრაუზერი, Comet, გასულ ზაფხულს, Microsoft-მა კი თავის ბრაუზერში CoPilot AI-ის ფუნქციები ჩააშენა.

თუმცა, ამ ბრძოლაში არც Google ნებდება. კომპანიამ საძიებო სისტემას ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა შეთავაზება დაამატა, მათ შორის AI მიმოხილვები, რომლებიც სტანდარტული ძიების გვერდის ზედა ნაწილში ჩნდება, და ხელოვნური ინტელექტის რეჟიმი, რომელიც ChatGPT-ის სტილის ჩატის ინტერფეისს მოიცავს.

Reuters-ის მონაცემებით, OpenAI მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $500 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამით ის ილონ მასკის SpaceX-საც უსწრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები