მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI-მ ჯონი აივის AI-მოწყობილობების სტარტაპი შეიძინა

ჯონი აივი / სემ ოლტმენი

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემოქმედი კომპანია OpenAI უპრეცედენტო ზრდას განაგრძობს.

ამჯერად, OpenAI-მ ახალი თაობის მოწყობილობებზე მომუშავე ამერიკული სტარტაპი io შეიძინა, რომლის უკან ლეგენდარული ინდუსტრიული დიზაინერი, ჯონი აივი დგას. გარიგება $6.5 მილიარდად შეფასდა, ანუ ის OpenAI-ის ისტორიაში უდიდესია და მის ფარგლებში, ჯონი აივი OpenAI-ის აქციონერი გახდება.

როგორც სემ ოლტმენი ამბობს, OpenAI ისეთი დონის პროდუქტს შექმნის, რომელიც სამომხმარებლო ელექტრონიკაში ამ დრომდე არავის უნახავს, რადგან ამ გარღვევის შესაძლებლობას მას ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია აძლევს. ანტრეპრენიორის თქმით, AI-ის შესაძლებლობები უსაზღვროა, რაც სრულიად ახალი ფორმის ფაქტორის შექმნის შესაძლებლობას ქმნის.

დაახლოებით ასეთივე რამეს ამბობდა 2024 წლის სექტემბერში ჯონი აივი, როცა მისი და სემ ოლტმენის კოლაბორაციის შესახებ პირველად გავიგეთ. კონკრეტულად რა ტიპის მოწყობილობაზე იყო და არის საუბარი, დღემდე უცნობია, მაგრამ, როგორც ჯონი აივი იმ დროს ამბობდა, ახალი პროდუქტი GenAI-ის ფუნქციონალს მოერგებოდა, რომელიც ტრადიციულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გაცილებით ყოვლისმომცველია.

იმ დროს დაიწერა, რომ OpenAI-ის ახალ მოწყობილობაში აქცენტი სენსორულ ტექნოლოგიაზე გაკეთდებოდა, ხოლო თავად დიზაინი პირველი თაობის iPhone-ის დიზაინით იქნებოდა შთაგონებული, მაგრამ გამორიცხული არ არის, საბოლოოდ, მოწყობილობა კარდინალურად განსხვავებული იყოს. თავად ჯონი აივის მოწყობილობების მიმართულებით წარმოუდგენელი გამოცდილება აქვს, მაგრამ ამ მხრივ არც სემ ოლტმენი მოიკოჭლებს, რომელმაც Tools for Humanity-ის ორბი შექმნა.

სემ ოლტმენის და ჯონი აივის კოლაბორაციით შექმნილ პირველ მოწყობილობას, სავარაუდოდ, 2026 წელს ვიხილავთ. სულ მცირე, ასეთია პირველადი გეგმა, რომლის აღსასრულებლად OpenAI ჯონი აივის 55 ინჟინერს, დეველოპერს და წარმოების ექსპერტს გამოუყოფს, რომლებიც უშუალოდ ჯონისთან და Apple-ის რამდენიმე ვეტერანით დაკომპლექტებულ გუნდთან იმუშავებენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, მოწყობილობა სრულიად ახალი იქნება — ისეთი რამ, რაც ამ დრომდე არავის უნახავს.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად ჯონი აივზე, რომელიც ინდუსტრიულ დიზაინში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. კარიერის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი მან Apple-ში გაატარა, სადაც უშუალოდ სტივ ჯობსთან მუშაობდა და Apple-ის 2000-2010 წლების „ოქროს ხანა“ სწორედ მას უკავშირდება. სხვადასხვა წლებში, ჯონი აივის უმუშავია, როგორც iMac-ის, ასევე iPhone-ის, iPad-ის, iPod-ის და მისი თეთრი ყურსასმენების პროექტებზე, ასევე Apple Watch-ის დიზაინზე. მოგვიანებით, ჯონი აივიმ საკუთარი დიზაინის სტუდია LoveFrom-ი დააფუძნა და კლიენტებად Ferrari და Airbnb აიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები