ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერმა, OpenAI-მ ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო რაუნდი დაასრულა. არსებული ინფორმაციით, სტარტაპმა ჯამურად $122 მილიარდი დოლარი მოიზიდა რის შედეგადაც მისმა საბაზრო ღირებულებამ $852 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ სესიის გახსნისას, თებერვლის თვეში არსებობდა მოლოდინი, რომ სტარტაპი $110-მილიარდ დოლარს მოიზიდავდა. როგორც ირკვევა, ამ საინვესტიციო რაუნდს OpenAI-ს ახლო პარტნიორები, SoftBank-ი, Andreessen Horowitz-ი და D. E. Shaw Ventures-ი ხელმძღვანელობდნენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ OpenAI-მ ინდივიდუალური ინვესტორების მოსაზიდად საბანკო არხები პირველად გამოიყენა და მათგან ჯამურად $3 მილიარდი დოლარი მიიღო. საინვესტიციო რაუნდში განსაკუთრებით აქტიურობდნენ სტარტაპის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები. მაგალითისთვის, Amazon-მა $50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო Nvidia-მ და SoftBank-მა $30-30 მილიარდი დოლარი გამოჰყვეს. აღსანიშნავია, რომ რაუნდში Microsoft-იც მონაწილეობდა, თუმცა მისი კონკრეტული წილი ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მიღებული კაპიტალი "ინტელექტის ინფრასტრუქტურული შრის" მშენებლობას მოხმარდება, რაც საბოლოოდ გლობალურ ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
აღსანიშნი ფაქტია, რომ სტარტაპი, რომელსაც ყოველთვიური 900 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, თვიურად მხოლოდ $2 მილიარდის შემოსავალს იღებს და ChatGPT-სა თუ სხვა სერვისების შეთავაზებაზე კვლავ დიდ სახსრებს ხარჯავს. ცნობისთვის, OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს $13.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.




























