ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე OpenAI-მ ფიზიკური მოწყობილობების ბაზარზე შესვლისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დამფუძნებელმა სემ ოლტმანმა 200 საუკეთესო სპეციალისტისაგან დაკომპლექტებული დეპარტამენტი შექმნა, რომელიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს შექმნის. როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე ყურადღება ხმის ჭკვიან გამაძლიერებლებზე, სათვალეებსა და სანათებზე გამახვილდება და მათში გარემოს აღსაქმელად და მონაცემების ხელოვნური ინტელექტისთვის მისაწოდებლად კამერები, ასევე სენსორები ჩაშენდება. ეს ChatGPT-ს შემქმნელ სტარტაპს საკუთარი ციფრული პროდუქტის ფიზიკურ მოწყობილობებთან დაინტეგრირების საშუალებას მისცემს და დაეხმარება, მომხმარებლების ყოველდიურ ქცევებს რეალურ გარემოში დააკვირდეს. ეს ნაბიჯი კი AI-ს ალგორითმს მეტი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის ადამიანების საჭიროებაზე უკეთ მორგებას.
რაც შეეხება კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებს, არსებული ინფორმაციით, ბაზარზე პირველად ჭკვიანი ხმის გამაძლიერებელი გამოვა, რომლის ღირებულებაც $200-დან $300 დოლარამდე იქნება და მისი აქტიური წარმოება 2027 წლის თებერვლიდან დაიწყება. რაც შეეხება AR სათვალეს, რომლის დამზადებაც და კონკურენტულ პროდუქტად ქცევად გაცილებით რთულ სამუშაოებს საჭიროებს, მისი გამოშვება 2028 წლისთვის იგეგმება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფიზიკური მოწყობილობების $800-მილიარდიან ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის OpenAI-ს მენეჯმენტი აქტიურად თანამშრომლობს Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის, ჯონი აივის სტარტაპ “io Products”-სთან, რომელშიც ტექ-კომპანიამ $6.5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ანალიტიკოსების შეფასებით, ფიზიკური ხელსაწყოების შექმნით სემ ოლტმენის კომპანია კონკურენციაში შესვლას მარკ ცუკერბერგის ტექ-გიგანტ Meta-სთან ცდილობს. კომპანიასთან, რომელიც ჭკვიანი სათვალეების ბაზარზე წლებია დომინირებს.




























