წამყვანმა ამერიკულმა სტარტაპმა, OpenAI-მ თავისი $500-მილიარდიანი გლობალური საინვესტიციო პროექტის, Stargate-ის ხელმძღვანელად დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ჯორჯ ოსბორნი დანიშნა. ის საქმიანობას იანვრიდან შეუდგება და სტარტაპის პროექტ “OpenAI ქვეყნებისთვის”-ს ჩაუდგება სათავეში.
საუბარია მრავალწლიან ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც OpenAI მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩადებს ინვესტიციებს, ააგებს დიდი მოცულობის მონაცემთა ცენტრებს და განავითარებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას. ჯამურად, ამ პროექტის ღირებულება $500 მილიარდი იქნება და ის საწყის ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედდება, შემდგომ კი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს.
რაც შეეხება Stargate-ის ახალ ხელმძღვანელს, ჯორჯ ოსბორნი დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრად 2010-2016 წლებში, პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის პერიოდში მუშაობდა. მან 2008 წლის გლობალური კრიზისის გავლენის შესამცირებლად “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას მიმართა და ბიუჯეტის დეფიციტი შეამცირა, თუმცა ამან სტაბილურობის პარალელურად ეკონომიკური ზრდის შემცირება განაპირობა. საჯარო სექტორისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ფონზე, მან გადასახადები გაზარდა, რამაც საწყის ეტაპზე მოსახლეობის უკმაყოფილებაც გამოიწვია. OpenAI-ში აცხადებენ, რომ ოსბორნს Stargate-ის პროგრამისთვის შესაბამის ხელმძღვანელად სწორედ ის უნარი აქცევს, რომ მას კრიზისულ ვითარებაში მტკივნეული და საჭირო ნაბიჯების გადადგმის არ ეშინია. გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის დასაწყისში დაგეგმილ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე OpenAI-ს სწორედ ოსბორნი წარმოადგენს.




























