ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის გიგანტმა, OpenAI-მ აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი მომავალ წლამდე გადადო. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სტარტაპი დასახულ $1-ტრილიონიან კაპიტალიზაციას ფისკალურ 2026 წელს ვერ აღწევს, რაც, სემ ოლტმენის შეფასებით, კომპანიას ინვესტორთა თვალში ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
როგორც ამერიკული მედია წერს, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ინდუსტრიის ლიდერმა სტარტაპმა IPO დროებით გადაიფიქრა, თვის დასაწყისში მულტიმილიარდერ ილონ მასკის კუთვნილი კომპანია SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე წარუმატებელი დალისტვა გახდა. როგორც ცნობილია, კომპანიის კაპიტალიზაცია ბირჟაზე გამოჩენიდან რამდენიმე დღეში ჯერ $3 ტრილიონამდე გაიზარდა, შემდგომ კი თითქმის $1 ტრილიონით შემცირდა. მომხდარმა საცალო ინვესტორებში ტექნოლოგიური სექტორის სტაბილურობის მიმართ ეჭვები გააჩინა.
ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როდის გამოჩნდება OpenAI საფონდო ბირჟაზე, თუმცა ცნობილია, რომ მას შტატების მარეგულირებლისთვის წინასწარი, კონფიდენციალური დოკუმენტაცია უკვე გაგზავნილი აქვს. შეგახსენებთ, მანამდე გავრცელებული ცნობებით, OpenAI მიმდინარე წლის შემოდგომაზე აქციების ბირჟაზე განთავსების მიზნით მოლაპარაკებებს Goldman Sachs-თან და Morgan Stanley-სთან მართავდა.



























