მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI წლის ბოლომდე თანამშრომელთა რაოდენობას თითქმის გააორმაგებს და 8 000-მდე გაზრდის - FT

OpenAI

Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI 2026 წლის ბოლომდე თანამშრომელთა რაოდენობის თითქმის გაორმაგებას გეგმავს, რათა კონკურენტ Anthropic-თან არსებული სხვაობა შეამციროს, - წერს The Financial Times.

მედიას ორმა წყარომ განუცხადა, რომ კომპანია მიზნად ისახავს პერსონალის რაოდენობა ამჟამინდელი 4,500-დან დაახლოებით 8,000-მდე გაზარდოს. მათივე თქმით, ახალი თანამშრომლები ძირითადად პროდუქტების განვითარების, ინჟინერიის, კვლევებისა და გაყიდვების მიმართულებით იმუშავებენ.

ChatGPT-ის შემქმნელი ასევე გააძლიერებს ძალისხმევას ისეთი სპეციალისტების დასაქირავებლად, რომლებიც ფოკუსირებულნი იქნებიან ინიციატივაზე "ტექნიკური ელჩობა" (technical ambassadorship). ეს ინიციატივა ბიზნეს-კლიენტებს კომპანიის ინსტრუმენტების უკეთ გამოყენებაში ეხმარება, - აღნიშნავენ წყაროები.

სემ ალტმანის ხელმძღვანელობით მოქმედმა ფირმამ სან-ფრანცისკოში ახალი საოფისე ფართიც აიღო იჯარით, რითაც ქალაქში მისი სამუშაო სივრცე 93 000 კვ.მ.-მდე გაფართოვდა. კომპანია წელს დღეში დაახლოებით 12 ახალი თანამშრომლის დამატებას გეგმავს.

კადრების მასობრივი აყვანის პროცესი იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა OpenAI-ის კონკურენტი Anthropic-ი (რომელსაც Amazon-ი და Alphabet-ის Google-ი უჭერენ მხარს), ბიზნესმომხმარებლებში პოზიციებს იძლიერებს.

კორპორაციული გადახდების პლატფორმა Ramp-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა Axios-მა ამ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ კომპანიების დანახარჯების 73%-ზე მეტი, რომლებიც AI ინსტრუმენტებს პირველად ყიდულობენ, სწორედ Anthropic-ზე მოდის. დაახლოებით 10 კვირის წინ ეს მაჩვენებელი 50/50-ზე იყო, ხოლო სულ რაღაც დეკემბერში ბაზარზე OpenAI 60%-იანი წილით ლიდერობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები