“სისტემეარ საქართველო”, რომელიც 2019 წლიდან შვედური კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში - სომხეთის ბაზარზე შედის.
“სისტემეარი” მომხმარებელს მაღალი ხარისხის გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის აგრეგატების თითქმის სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
შვედური ბრენდი 19 ქვეყანაში 26 ქარხანას და 13 სატესტო ლაბორატორიას მართავს, სადაც 250 ინჟინერი გამუდმებით მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნასა და არსებულის ტესტირებაზე ISO და AMCA სტანდარტების მიხედვით.
“სისტემეარ საქართველოს” ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა ამიერიდან ის მხოლოდ ლოკალური ოფისი აღარ არის - ქართული წარმომადგენლობა მალე სომხეთის ბაზრის მართვასაც შეუდგება.
როგორც “სისტემეარ საქართველოს” დირექტორი bm.ge-სთან განმარტავს, პირველ ეტაპზე სომხეთში აქტიურ საქმიანობას იწყებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ოფისსაც გახსნიან.
„რამდენიმე თვის წინ Systemair Group-ის მენეჯმენტმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სომხეთის ბაზარზე ოპერირებას თბილისის ოფისი გაუძღვება. ჩვენი მიზანია, ახლო მომავალში იქ ოფიციალური წარმომადგენლობა სწორედ „სისტემეარ საქართველოს“ ბაზაზე გაიხსნას. ამ ეტაპზე პროდუქციის მიწოდება და პროექტების მართვა თბილისიდან ხორციელდება.
პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - წარმატებით დასრულდა კერძო ვილის პროექტი, ამჟამად კი ვმუშაობთ მსხვილ ობიექტებზე იმ ქართულ და ადგილობრივ MEP კომპანიებთან ერთად, რომლებიც სომხეთის ბაზარზე აქტიურად იზრდებიან.“ - აცხადებს გიორგი სარჯველაძე.
აღსანიშნავია, რომ “სისტემეარ საქართველოს” ოფისს „სისტემეარის“ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი, ფრედრიკ ანდერსონი ეწვია. მან bm.ge-სთან “სისტემეარ საქართველოს” სომხეთის ბაზარზე შესვლის საკითხი შეაფასა.
„ვიზიტის ფარგლებში მიღებული ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება ისაა, რომ ჩვენი ქართული გუნდი, თავისი წარმატებული გამოცდილებით, პასუხისმგებლობას აიღებს სომხეთის ბაზარზეც. დღეს სომხეთში გაყიდვები არც ისე დიდია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროფესიონალი ქართული გუნდის დახმარებით, იქაც ისეთივე წარმატებულ შედეგს დავდებთ, როგორიც საქართველოში გვაქვს.“ - ამბობს ფრედრიკ ანდერსონი.
“სისტემეარ საქართველო“ ახლო მომავალში თბილისში პირველი მასშტაბური სემინარის ჩატარებას გეგმავს, რომელსაც რეგულარული ხასიათი ექნება.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დარგის პროფესიონალები შეიკრიბებიან. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, სემინარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმად იქცევა, რაც ხელს შეუწყობს სფეროში პროფესიული დონის ამაღლებას.


























