BMG-მ ჰააგაში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთან დევიდ ბოჰიგიანთან ინტერვიუ ჩაწერა.
ამერიკის შეერთებული შტატების კერძო საინვესტიციო კორპორაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველო OPIC-ის ერთადერთი ბენეფიციარი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში ამერიკის შეერთებულ შტატებზე წინაა. ბოჰიგიანი ამბობს, რომ ის ამაყობს იმ პარტნიორობითა და თანამშრომლობით, რომელიც OPIC-სა და საქართველოს შორის არსებობს.
OPIC-ის ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტთან - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დევიდ ბოჰიგიანმა განაცხადა, რომ პროცესი დიუ დილიჯენსის ფაზაშია. საქართველოს მთავრობის მხრიდან IFI-ების კრედიტის გარანტირებაზე უარის თქმის შესახებ კი, ბოჰიგიანი ამბობს, რომ ნებისმიერ პროექტში, რომელსაც OPIC-ი ახორციელებს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა.
- თქვენ იმყოფებოდით საქართველოში, შეხვდით მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია OPIC-ისთვის საქართველო? როგორც ცნობილია, თქვენ მონაწილეობთ ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებაში, სადაც თქვენი ინვესტიციის გაცხადებული მოცულობა 100 მილიონ დოლარს შეადგენს. რას ფიქრობთ, რა როლის შესრულება შეუძლია ამ პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონალური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაში?
- ჩემი აზრით, საქართველო არის შესანიშნავი მაგალითი იმ ქვეყნისა, სადაც ჩვენ ქვეყნის მთავრობას მის მიერ დასახული განვითარების მიზნების მიღწევაში ვეხმარებით. სწორედ ამიტომ, მე ვამაყობ, როდესაც თბილისში ჩავდივარ ან როდესაც ბატონი პრემიერ-მინისტრი OPIC-ის ოფისს სტუმრობს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა OPIC-ის ბენეფიციართა შორის, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშში ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში არსებობს გარემო, რომელიც ხელს უწყობს მეწარმოებას, ხელს უწყობს ანტერპრენიორებს და არის ამავდროულად, საკმაოდ კონკურენტუნარიანი სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. შესაბამისად, სწორედ ეს არის ასახული OPIC-ის საინვესტიციო პორტფელშიც. როგორც მახსოვს, მხოლოდ წელს უკვე 140 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შესახებ გვაქვს ხელი მოწერილი. სულ ახლახანს, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ 50 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოვახდენთ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ფოთის პორტში, რაც რეგიონალური სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებას ხელს შეუწყობს.
ანაკლიის პორტის პროექტზე კი, დაფინანსება ჯერ დამტკიცებული არ გვაქვს, რადგანაც მისი დიუ დილიჯენსის პროცესი არ დასრულებულა, თუმცა ჩვენ მოველით და თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე გეგმების განვითარებას და მათ მოსალოდნელ შედეგებს. მინდა ვთქვა, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობს პროექტში, მას ყოველთვის მოსდევს თანმდევი დადებითი ეფექტი, რაც პროექტთა მიმართ ინვესტორების დამოკიდებულებაში აისახება. მათ იციან, რომ ჩვენ არ დავაფინანსებთ პროექტს თუ მისი შეფასების და დიუ დილიჯენსის პროცესი ზედმიწევნით ზუსტად არ იქნება ჩატარებული. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი პროექტების მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ხარისხს, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შედეგებს და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.
მინდა ვთქვა, რომ საქართველო ჩვენთვის განვლილი წლების განმავლობაში შესანიშნავი პარტნიორსა და გამორჩეულ პარტნიორს წარმოადგენს, ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩვენი დახმარებით ზრდის საკუთარ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.
- რა ეკონომიკურ ეფექტს მოელით ფოთის პორტის პროექტიდან?
- ჩემი აზრით, საქართველო შავ ზღვაზე მნიშვნელოვან რეგიონალურ ჰაბს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ჩვენ ფოთის პორტის მენეჯმენტთან ერთად ვმუშაობთ, გვინდა, რომ ვიხილოთ უფრო მეტი ნედლეულისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადაზიდვები ამ პორტში. ეს საქართველოს ეკონომიკას ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება და ამასთან, ადგილობრივი პროდუქტების, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისა და სხვა პროდუქტების ექსპორტს შეუწყობს ხელს.
- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებათა პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, რა არის მიმდინარე პროცესში თქვენი მოლოდინი?
- OPIC-ი არის იმ საინვესტიციო ჯგუფის მონაწილე, რომელიც ამ პროექტში არის ჩართული; ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიხილოთ სახელმწიფოს, ისევე როგორც კერძო ინვესტორის სერიოზული მზაობა და ნება-სურვილი, რათა პროექტი შედგეს.
- საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ანაკლიის პორტში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხის გარანტორი იყოს, რა გავლენას მოახდენს მთავრობის ეს პოზიცია თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- ყოველთვის, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) აფინანსებს პროექტებს, მნიშვნელოვანია, გვქონდეს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულების მხარდაჭერა.

























