საქართველო, უცხოელი ინვესტორებისთვის საკუთარი თავის გასაცნობად დღეს მთელ შესაძლებლობას არ იყენებს და ეს სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, - მიაჩნია აშშ-ის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველ დირექტორს კენეტ ენჯელს.
„როცა ინვესტორები საქართველოში ჩადიან, თვითონ ხედავენ შესაძლებლობებს, იმის ნაცვლად, რომ მათ ამ შესაძლებლობებზე უბრალოდ შორიდან მოისმინონ. ინვესტორების საქართველოში ჩაყვანა და მათთვის იმის საშულების მიცემა, რომ საკუთარი თვალით შეაფასონ შესაძლებლობები, ვფიქრობ საქართველოში ინვესტორების რაოდენობას გაზრდის“, - განაცხადა კენეტ ენჯელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, - საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევას ის წარმოადგენს, თუ როგორ გაიტანოს საკუთარი გზავნილი ქვეყნის გარეთ; როგორ გააგებინოს კომპანიებს მისი შედარებითი უპირატესობის, მდებარეობის, ღია და ლიბერალური ეკონომიკის შესახებ. ეს ეხება ქვეყნის მდებარეობას, შესაძლებლობებს ვაჭრობაში, ტრანსპორტირებაში, ცენტრად ჩამოყალიბებაში და ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“.
ენჯელს მიაჩნია, რომ მიუხედავად პატარა ზომისა, საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჰიდროენერგეტიკის მხრივ. „ვფიქრობ ის, რასაც მთავრობა აკეთებს ეკონომიკური რეფორმის, ღია და ლიბერალური ეკონომიკის შექმნის მხრივ, ძალიან კარგი დასაწყისია. ისინი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ. ეკონომიკის განვითარების ის ოთხი ფუნდამენტი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განუცხადა მან „ამერიკის ხმას“.
OPIC-ის მმართველმა დირექტორმა ასევე გაცხადა, რომ OPIC-ის მიმადინარე პროექტებს შორისაა სასტუმრო „მაქსის“ მშენებლობა თბილისში, რომელიც მომავალ წელს გაიხსნება ზაარბრუკენის ქუჩაზე და ასევე წინანდალში პირველი საერთაშორისო სასტუმრო კახეთში, „რედისონ ბლუ“. ამერიკული სამთავრობო ორგანიზაცია ასევე ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სფეროში და საქართველოში აშენებენ პირველ საავადმყოფოს, რომელიც საერთაშორისოდ სერთიფიცირებული იქნება.

























