სტარტაპ "ბილიკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ცირამუა თვლის, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს ხალხის რეალურ საჭიროებებს და სწორად არ ელაპარაკება ხალხს. ამის შესახებ სტარტაპერმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
ის აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა უსმენდეს ხალხს და მათთან უნდა მიდიოდეს.
"სტარტაპის შექმნამ ერთი მნიშვნელოვანი რამ მასწავლა, როცა პროდუქტს ქმნი მომხმარებლის ტყავში უნდა ჩაჯდე, და მისი გადმოსახედიდან იფიქრო, რომ შემდეგ იპოვო მისი საჭიროებები, მასზე მოარგო და მომხმარებელმა შენი პროდუქტი გამოიყენოს.
ოპოზიციის შემთხვევაში კი პირიქით ხდება, ვერ აცნობიერებს ხალხის რეალურ საჭიროებებს და საკმარისად და თან სწორად არ გველაპარაკება. და როცა უხსნი, რომ არასწორად იქცევიან მერე სწყინთ.
ასე არ გამოვა მეგობრებო, თუ ამ პროცესში ერთად ვართ, ხალხს უნდა უსმენდეთ, ჩადიოდეთ ყველა რეგიონში, ქალაქში, სოფელში და თუ საჭიროა კრიტიკაც უნდა აიტანოთ, რადგან ეს პროცესს სჭირდება.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შიგნით ერთმანეთს არ უსმენთ და ეგო გებრძვით. ზეგ არ უნდა გვეუბნებოდეთ გეგმას, 5 წლის ბავშვის და 90 წლის მოხუცის გასაგებ ენაზე უნდა გველაპარაკებოდეთ", - წერს ცირამუა.