მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოპოზიციაში ბევრი უნდა გაერიდოს იმ საქმეს, რომელიც არ გამოსდის. გაერთიანება ვერ შეძლეს..." - მოსაზრება

გია პირადაშვილი

ბიზნესმენი და “შატო მერეს” დამფუძნებელი გიორგი პირადაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარიგებებისთვის სტაბილური გარემო არ არის, რაც მთავრობასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა, - ამის შესახებ პირადაშვილმა "წერტილთან" ინტერვიუში, “შატო მერეს” გაყიდვასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“[შატო მერეს] რა თქმა უნდა, კიდევ ვყიდი, მაგრამ რომ გითხრათ, რომ რაღაც აქტიურ პოზიციაში ვარ-მეთქი, არა. იმიტომ, რომ დღეს რამის გაყიდვა, თუნდაც იაფად, წარმოუდგენელია. ვერ ვხედავ დღეს ერთობას, ვერც პოზიციის, ვერც ოპოზიციის მხრიდან. რაღაც გაურკვეველ ხელების ქნევაშია ორივე მხარე, რაც ყოველთვის აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენს დარგს განსაკუთრებით, ეს უმიზნო და უმიზეზო ხელების ქნევაა, ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან ასევე უმიზნო მოგერიება.

ოპოზიციაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც, მე თუ მკითხავთ, აბსოლუტურად უნდა გაერიდოს იმ საქმეს, რომელიც არ გამოუვიდა. გაერთიანება ვერ შედგა, ვერ გაერთიანდნენ, ვერ თქვეს თავიანთ ამბიციებზე უარი, ვითომ პროფესიონალს ეძახიან თავს, მაგრამ ძალიან ბევრი არაპროფესიონალი და უმსგავსო პოლიტიკოსი ვიცი ამ საქმეში”, - განაცხადა პირადაშვილმა.

ბიზნესმენის აზრით, ოპოზიცია ქვეყნის მოსახლეობის და მცირე და საშუალო ბიზნესის გვერდით უნდა იდგეს, რადგან სწორედ SME სექტორი ცვლის საქართველოში პოლიტიკურ მიმართულებას.

“ოპოზიცია უნდა არსებობდეს ქვეყანაში ისეთი, რომელიც იქნება ადამიანებისთვის, მოსახლეობისთვის და ჩვენი ბიზნესისთვის. ვგულისხმობ საშუალო და მცირე ბიზნესს. დიდი ბიზნესი არც არასოდეს წყვეტდა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური წყობის ან პოლიტიკური მიმართულების ცვლილებების საკითხს. ამას ყოველთვის წყვეტდა საშუალო და მცირე ბიზნესი, ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად აწუხებთ ეს საკითხები… როდისმე გაგიგიათ დიდი ბიზნესის ხმა? მე არასოდეს, მე ვიცი დიდებისგან [“ქართულ ოცნებაზე”] მორგების ხმა, კარგად ერგებიან მთავრობას. არ ვიცი რატომ, ალბათ, ასეა ბევრგან, ალბათ, ისინი ასე მიიჩნევენ საჭიროდ და უფრო მეტი პასუხისმგებლობები აქვთ, არ გამოვრიცხავ არაფერს”, - განაცხადა გიორგი პირადაშვილმა.

ბიზნესმენმა BMG-ის ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც მიუძღვით ბრალი, რადგან მათ არ შეუძლიათ ერთიან ოპოზიციურ ძალად გაერთიანება: “ოპოზიციას უფრო მეტი ბრალი მიუძღვის ახლა იმიტომ, რომ მათ ვერ მოახერხეს გაერთიანება, ხალხის თავის ირგვლივ შემოკრება. ეს უნდა შეძლონ ადამიანებმა, რომლებსაც, პარლამენტში შესვლის დრო რომ დგება, სკამზე დაჯდომას ვერ მოასწრებ. აი, იმ ადამიანებმა უნდა აიღონ ბოლომდე პასუხისმგებლობა, ისე როგორც აიღეს სხვებმა, ვინც დღეს ციხეში არიან”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები